მამუკა ბახტაძე: ვფიქრობ, მიკროსაფინანსოების საქმიანობა საქართველოში არის აუცილებელი

„გარწმუნებთ, რომ ყველა ეს ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი ბაზარზე, ხოლო ვინც დაკავებულია სპეკულატური საქმიანობით, რა თქმა უნდა, მას თავისი მუშაობის სპექტრი შეეზღუდება“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბანკო სექტორის ახალი რეგულაციის ამოქმედების პარალელურად ონლაინ სესხების პოზიციების შესუსტების ტენდენციაზე საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, იგი ვერ დაეთანხმება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ონლაინ სესხები გაქრა.
მისი თქმით, შეიძლება ონლაინ სესხების შემცირების ტენდენცია იყოს, მაგრამ ნამდვილად არ გამქრალან ბაზრიდან.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მას არ აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული რეგულაცია მიკროსაფინანსოების საქმიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
„ვფიქრობ, მიკროსაფინანსოების საქმიანობა საქართველოში არის აუცილებელი. ისინი წარმოადგენენ გარკვეულ ხიდს მცირე ბიზნესის დაფინანსებისთვის, მაგრამ რაც შეეხება თამაშის წესებს, ის უნდა იყოს საერთო. სამწუხაროდ, ასიმეტრიული რეგულაცია იყო ფინანსურ სექტორში – საბანკო სექტორს განსხვავებული რეგულაცია ჰქონდა, არასაბანკო სექტორს – სხვა, ონლაინებს კიდევ განსხვავებული რეჟიმი, რამაც მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო ჭარბვალიანობის პრობლემის წარმოქმნას.
ვინც არის კონკურენტუნარიანი, ვისაც შეუძლია ბაზარს მიაწოდოს კონკურენტუნარიანი ფინანსური პროდუქტი, მე გარწმუნებთ, რომ ყველა ეს ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი ბაზარზე, ხოლო ვინც დაკავებულია სპეკულატური საქმიანობით, რა თქმა უნდა, მას თავისი მუშაობის სპექტრი შეეზღუდება. ჩვენ მოგვწონს ის, რაც ზრდის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ხარისხს და რაც ზრდის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები