ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებს ვიზიტისთვის, ასევე, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) სხდომაზე სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში უსაფრთხოების ვითარების განხილვისა და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობა, რომლის დროსაც, ევროპარლამენტარებს საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას. მისი შეფასებით, ეს არის საქართველოს მხარდამჭერი ძლიერი სიგნალი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ჩვენი ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებზეც და განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაცია, უპირველესად, ქართველი ხალხის ფასეულობებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.  მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის პარალელურად, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა იზრდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, როგორც ერთ-ერთ მთავარ მიღწევას. ირაკლი კობახიძის თქმით, ვიზალიბერალიზაცია,  პრივილეგიასთან ერთად, არის პასუხისმგებლობაც და საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან სიკეთეს საფრთხე არ დაემუქროს.

ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრთა განცხადებით, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები მათი ყურადღების საგანია. დელეგაციის წევრთა თქმით, ევროპარლამენტში თანხმდებიან, რომ საქართველო არის წამყვანი დემოკრატია რეგიონში და მის განვითარებასა და სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, არსებული კომპლექსური რეგიონული გარემოს მიუხედავად, საქართველო სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. მისივე თქმით, მიუხედავად პრაგმატული პოლიტიკისა, რომელსაც საქართველო რუსეთის ფედერაციის მიმართ ახორციელებს, რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაციას. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მკვეთრად უარესდება ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და ჰუმანიტარული ვითარება, რაც კიდევ ერთხელ, ცხადყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ” გააცნო. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მიეცემა შესაძლებლობა, სრულად განახორციელოს მანდატით დაკისრებული ვალდებულება.

შეხვედრაზე  საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმასა და კონსტიტუციის მერვე თავზე, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირა ყველა სტრატეგიულმა პარტნიორმა და ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ. მისივე თქმით, მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები