მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს

„ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს. ჩვენ ეს პერსპექტივა გაგვაჩნია ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტების შესაბამისად, რადგანაც ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ვადგავართ დემოკრატიული განვითარების გზას, დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას, ევროპული ინტეგრაციის გზას და აუცილებლად ჩვენი მიზანმიმართული ნაბიჯებით და ქმედებით გავხსნით იმ შესაძლებლობების ფანჯარას, როდესაც ევროკავშირი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებაში” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ სემინარზე „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ” განაცხადა.

მინისტრის თქმით ევროკავშირის მიმართულებით გასული წლების განმავლობაში განსაკუთრებული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველო არასდროს არ ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან როგორც დღეს.

მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის სიკეთეებზე, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უკვე სარგებლობენ, ეს იქნება ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობა თუ პროგრამები, როგორიც არის Erasmus +, Horizon 2020 და სხვა. როგორც მინისტრმა აღნიშნა საქართველო არის იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიც ყველაზე აქტიურად და ეფექტურად იყენებენ Erasmus +ის პროგრამას, რომელშიც 800-ზე მეტი სტუდენტი და 41 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ასევე მნიშვნელოვანია პროგრამა Horizon 2020, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.

„ჩვენი ინტეგრაცია ამ მიღწეულით არ მთავრდება, რა თქმა უნდა ჩვენი ევროპული გზა გრძელდება, ჩვენი ევროპული ნაბიჯები კიდევ გადასადგმელია იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, რასაც ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა ჰქვია. ამ მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრი დაბრკოლებაა გადასალახი და აუცილებელია პირველ რიგში ინფორმირებულობა. რა თქმა უნდა ეს ცოდნა უნდა იყოს საზოგადოებაში ბავშვობიდანვე და ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში იყოს სრულფასოვნად წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ეხება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას და იმ სიკეთეებს, რომელიც მოაქვს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროექტი და პრიორიტეტი, არამედ ეს არის ძალიან კონკრეტული პრაქტიკული შედეგების მატარებელი. ორი-სამი წლის წინ ვერავინ ვერ იტყოდა, რომ გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირი ასეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებდა თუნდაც ბალკანეთის მიმართულებით, მაგრამ წელს ეს უკვე შესაძლებელი გახდა. ასევე ძალიან მალე ეს შესაძლებლობა გაჩნდება საქართველოსთვის და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ჩვენი ახალგაზრდა თაობა უნდა იყოს მზად ამისთვის” – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები