„პირობას ვდებ, რომ „რუსთავი 2“-ში არ მოვალ“
„თქვენ ხართ ერთიანი დანაშაულებრივი და ერთიანი კრიმინალური მოძრაობა, რომელიც უნისონში სარგებლობს „რუსთავი 2“-ს ეთერით’’, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი ვაშაძეს გადაცემაში „პოზიცია“. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სტუმრის სტატუსით აღარასოდეს მივა. პარლამენტის ვიცე-სპკერმა ეს პირობა პირდაპირ ეთერში გაახმაურა. მისი თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მხარეა და უნისონში მათთან ერთად საუბრობს.
„ მე „რუსთავი 2’’-ში მოსვლის არანაირი სურვილი აღარ მექნება., რადგან „რუსთავი 2“ არის მხარე, პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან’’ და საუბრობთ უნისონში. მე, პირადად მანანა კობახიძე, ვიძლევი პირობას, რომ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში არ მოვალ, ვიდრე თქვენ უნისონში საუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
უფრო მეტიც, ეს ხალხი, ეს ადამიანები საუბრობენ ფარულ მოსმენებზე, საუბრობენ რაღაც პროკურატურის შეკერილ საქმეებზე, გამოუძიებელ საქმეებზე, მათ ამის უფლება ნამდვილად არა აქვთ, იმიტომ რომ მათი რეჟიმი, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ფარულ მოსმენებზე, ადამიანების წამებაზე იდგა. ამის მაგალითი ახლახან ვნახეთ „მუხროვანის საქმიდან’’ გამომდინარე, იდგა გვამებზე და გვამებზე მიღებულ პრემიებზე. თქვენ ხართ ერთიანი დანაშაულებრივი მოძრაობა, ერთიანი კრიმინალური მოძრაობა, რომელიც უნისონში სარგებლობს „ რუსთავი 2“- ის ეთერით“, – განაცხადა მანანა კობახიძემ