“NDI-ის კვლევის საველე სამუშაოებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებული ორგანიზაციები ასრულებენ“
მე პირადად საპრეტენზიო არაფერი მაქვს NDI-სადმი, მაგრამ სერიოზული ეჭვები გამოითქვა იმ ორგანიზაციის მისამართით, რომელიც საველე სამუშაოებს ასრულებს -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თოქ-შოუ “რეაქციის” ეთერში განაცხადა.
პრემიერის თქმით, , ორგანიზაციები, რომლებიც ე.წ. საველე სამუშაოებს ახორციელებდნენ ყოველთვის იყვნენ ასოცირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან”.
“მე, რა თქმა უნდა, მინდა დავაფიქსირო ჩემი ღრმა პატივისცემა ამ ინსტიტუტისადმი. რაც შეეხება ბრალდებებს, რომელიც ჩვენ გვესმის NDI-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელზე, მე არ მინდა, ამ დისკუსიაში ჩავერთო, უბრალოდ მსურს, ჩემი აზრი დავაფიქსირო, რომელიც არის დაფუძნებული შემდეგ ინფორმაციაზე: სამწუხაროდ, NDI ყოველთვის იყენებდა ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომელიც ე.წ. საველე სამუშაოებს ახორციელებდა და სამწუხაროდ, ეს ორგანიზაციები ყოველთვის “ნაციონალურ მოძრაობასთან”იყვნენ ასოცირებული. გეტყვით, რომ ბატონი თარხნიშვილი, რომელიც ბრალდებულია მთელი საქართველოს მოსახლეობის მხრიდან არჩევნების გაყალბებაში და მისი მეუღლე, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა იყვნენ ჩართულები ამ ორგანიზაციის მენეჯმენტში წლების განმავლობაში და უწევდნენ კოორდინაციას NDI-ს კვლევებს“, განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, არ ენდობა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის და დავით ბაქრაძის რეიტინგი ერთნაირია.
“ეს არის ძალიან დიდი გამოაშკარავება და საკუთარი თავის გაყიდვა. ხალხი არის ბრძენი და ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის“,-აღნიშნა პრემიერმა.