საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახლადგახსნილ ცენტრს უცხოელი პოლიციის ატაშეები და საელჩოების წარმომადგენლები ეწვივნენ (ფოტოკოლაჟი)
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახლადგახსნილ ცენტრს უცხო ქვეყნების პოლიციის ატაშეები და საელჩოების წარმომადგენლები ეწვივნენ.
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრმა 1 მაისიდან აქტიურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა.
ცენტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმის ახალი ეტაპის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში მოქალაქეთა მომსახურება „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიმდინარეობს: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება და სხვა, სულ, 50-მდე საპოლიციო სერვისი.
სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
ახალმა ცენტრმა სრულად ჩაანაცვლა საპატრულო პოლიციის ე.წ. „მე-12 ოთახი“.