5 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „ნიუ ტიფლისში“ თბილისში მცხოვრები ბრიტანელი ფოტოგრაფის, მუსიკოსისა და პროდიუსერის, ფილიპ ჰუდლსტონის ფოტოგამოფენა გაიხსნება.
როგორც პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე თავად ფოტოხელოვანმა განაცხადა, ეს იქნება ფილიპ ჰუდლსტონის პირველი ფოტოგამოფენა სასტუმრო „ნიუ ტიფლისში“, სადაც დამთვალიერებელი 18 ფოტოს იხილავს.
ქეთევან რაჟამაშვილი – სასტუმრო „ნიუ ტიფლისის“ დირექტორი:
„5 მაისს სასტუმრო „ნიუ ტფილისში“ გაიმართება ინგლისელი ფოტოგრაფის ფილიპ ჰუდლსტონის ფოტოგამოფენა სახელწოდებით: „ნიუ ტიფლისიდან“ დანახული თბილისი“. ფოტოგამოფენის იდეა რამდენიმე კვირის წინ დაიბადა, როდესაც ფილი გავიცანით სასტუმროში და როდესაც მივედით ერთ აზრამდე, ფოტოსესია შექმნილიყო. მან თბილისს სასტუმროდან გადაუღო რამდენიმე სურათი. ესენია ორიგინალური, სხვა სტილით გადაღებული და აღმოჩენილი თბილისი.
ფოტოსესია მთელი დღის განმავლობაში გაიმართება, სტუმრებს უმასპინძლებს სასტუმრო.
ანა გიორგაძე, სასტუმრო „ნიუ ტიფლისის“ მენეჯერი:
„ფილთან ნაცნობობა შედგა მისი და მისი მეუღლის სტუმრობის დროს ჩვენს სასტუმროში. მან გადაიღო რამდენიმე ფოტო, რომლებმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე და გაგვიჩნდა სურვილი, რომ ეს ემოცია და შთაბეჭდილება ჩვენი საზოგადოებისთვისაც გაგვეზიარებინა. დაიგეგმა ღონისძიება სახელწოდებით: „ნიუ ტიფლისიდან“ ფილის თვალით დანახული თბილისი. ამ ადამიანს აქვს უნიკალური ხედვა, სტილი, შეუძლია მცირე დეტალი წარმოადგინოს სულ სხვა სტილში და სხვა თვალით. სწორედ ეს გახდა ამ ღონისძიების სათავე, ე.წ. მოტივი.
სამომავლოდ ჩვენი სასტუმრო გეგმავს ამ მიმართულებით სვლას, კულტურის ტურიზმის განვითარებისთვის. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქალაქში, თვითონ ფილიც 8 წლის წინ ტურისტის სტატუსით ეწვია ჩვენს ქალაქს და დღეს თავისი წვლილი შეაქვს ტურიზმის განვითარებაში.
ფილიპ ჰუდლსტონი: „ბრიტანეთში დავიბადე და თბილისში დაახლოებით 8 წელია ვცხოვრობ. ხვალ არის ჩემი პირველი გამოფენა „ნიუ ტიფლისის“ სასტუმროში. ვიტყოდი, რომ ძალიან ამაღელვებელი პროექტია. ქეთის და ანასთან ერთად მუშაობა ამაღელვებელი გამოცდილებაა ჩემთვის.
სასტუმრო „ნიუ ტიფლისის“ უნიკალური, ორიგინალური დიზაინის შენობა ნახვისთანავე ძალიან მომეწონა. ეს ზუსტად ის ადგილია, რაზეც ნებისმიერი ფოტოგრაფი ოცნებობს.
ძალიან მომეწონა სასტუმროს მე-10 სართული, სადაც რესტორანი მდებარეობს. აქედან თბილისის ულამაზესი ხედები იშლება. ამ ხედებმა ჩემზე დატოვა წარუშლელი შთაბეჭდილება და მივიღე გადაწყვეტილება, მალე ჩატარებულიყო პირველი გამოფენა სწორედ ამ სასტუმროში.
ორი დღე დამჭირდა სურათების გადასაღებად. მერე, როცა ვაჩვენე ქეთის და ანას, მრავალი საქებარი სიტყვა დავიმსახურე. მახარებს, რომ მოეწონათ ჩემი ნამუშევრები და რომ მომცეს საშუალება, ჩემი ხელოვნების თუნდაც პატარა ნაწილი წარმომედგინა“.
– როგორ აღმოჩნდით პირველად საქართველოში?
– 12 წლის წინ გავიცანი ქართველი მეგობარი, რომელსაც დავპირდი, რომ თბილისში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდოდი. 2010 წელს პირველად ჩამოვედი საქართველოში. აქ ორი კვირა დავყავით, რის მერე ვუთხარი მეუღლეს, რომ ეს ის ადგილია, სადაც მინდა, რომ ვიცხოვროთ- მეთქი. ჩვენ გადავწყვიტეთ აქ დარჩენა.
– კონკრეტულად რა მოგეწონათ, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ?
– ხშირად მეკითხებოდნენ, შენ ხარ ინგლისის სამეფოში დაბადებული და რატომ აირჩიე საცხოვრებლად მაინცდამაინც საქართველოო? რთულია, გადმოსცე ის ემოცია სიტყვებით, რომელსაც ვგრძნობდი თბილისისა და საქართველოს მიმართ. რაღაცნაირად მივეჯაჭვე ქართულ კულტურას, ქართველი ხალხი არის სტუმართმოყვარე, ძალიან თბილი და კეთილი.
მომეწონა ქართული სამზარეულო, ღვინის წარმოების უძველესი კულტურა. ესეც ერთგვარი მიზეზების კრებულია, რატომაც ვცხოვრობ აქ და რატომაც გადავწყვიტე, რომ დავრჩე საქართველოში.
ძალიან მდიდარი და საინტერესო კულტურა აქვთ ქართველებს, ასევე ისტორია, რომელიც ძალიან მომწონს, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ინგლისსაც გააჩნია მდიდარი კულტურა და რაღაცნაირად ვგავართ ჩვენ.
– როდის დაინტერესდით ფოტოგრაფიით? მუსიკა უფრო ადრე იყო თუ ფოტოგრაფია?
– მუსიკითაც და ფოტოხელოვნებითაც აქტიური დაინტერესება დაახლოებით 15-16 წლის ასაკში დავიწყე. მაგრამ ფოტოგრაფიით ყოველთვის რეგულარულად ვიყავი დაკავებული.
ამ გამოფენით ჩემი ხედვის დიდ ნაწილს წარვუდგენ საზოგადოებას… სამომავლოდ კი, ქართულ ფასეულობებს, კულტურას და ყველაფერს, რაც მე მოსწონს, უკვე კომერციული თვალსაზრისით ვუჩვენებ ფართო მასებს.
– თანამედროვე მუსიკის შემსრულებელი ბენდის – „ნალის“ წევრი ხართ…
– ჩემი თანამშრომლობა ბენდთან დაიწყო დავით კაჭარავას გაცნობით, ეს ის მეგობარია, რომელსაც დავპირდი, რომ საქართველოში ჩამოვიდოდი. მართლაც, ჩამოვედი და „ნალი“ გავიცანი.
გაცნობიდან 2 კვირის მერე დავიწყე მათთან თანამშრომლობა, ვისწავლე ხმის დამუშავება და გადავწყვიტეთ, დაგვეწერა სიმღერები და ჩაგვეწერა ჩემს სტუდიაში.
2014 წელს გამოვუშვით პირველი ალბომი, რომლის სიმღერების ტექსტების ავტორი ვარ მეც და ბენდის სხვა წევრებიც.
რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ მუშაობა დათოსთან ერთად ახალი ალბომის ჩასაწერად, წესით, რამდენიმე კვირაში უნდა გამოვიდეს. ახალი ალბომის მერე პროცესი გრძელდება, მე და დათო დავიწყებთ ისევ ახალი ალბომის სიმღერების ჩაწერას.
კითხვაზე, თუ რას გეგმავს სამომავლოდ, გვითხრა, რომ ქართული ცეკვის ფანია. უდიდესი სურვილი აქვს, ქართული ცეკვის პროფესიონალური ფოტოსესია გადაიღოს. და ეს ყველაფერი არა მარტო ქართულ საზოგადოებას, არამედ მსოფლიოს აჩვენოს.
ასევე, მას ძალიან უყვარს პორტრეტების გადაღება და სამომავლოდ სპორტსმენებს აღბეჭდავს ფირზე.
ფილიპ ჰუდლსტონი დაინტერესებულია თბილისის ძველი შენობების არქიტექტურითა და ისტორიით და მის ობიექტივში ეს ნაგებობებიც მოხვდება.