„აიისას“ დამფუძნებელი 500 ლარით დაჯარიმდა, პრეზერვატივებზე კი არსებული შეფუთვის გამოყენება აეკრძალა
„აიისას“ დამფუძნებელი ანა გაჩეჩილაძე 500 ლარით დაჯარიმდა, ხოლო პრეზერვატივებზე არსებული შეფუთვის გამოყენება აეკრძალა, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ თბილისის მერიის საჩივარი დააკმაყოფილა. როგორც საჩივარში იყო აღნიშნული, პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკური იყო.
ცნობისთვის, აიისას-ს მფლობელის ანი გაჩეჩილაძის მიმართ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 02 მაისს შედგა.
მერია მიიჩნევდა, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას.
თბილისის მერია პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმებას (500 ლარის ოდენობით) და მისთვის მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენების აკრძალვას მოითხოვდა.
შეგახსენებთ, შპს „აიისა“ – ს მიერ გამოშვებულ პრეზერვატივთა გარეკანზე გამოსახულია:
• ქართლის დედა – გარეკანზე აქვს წარწერა: „I DON’T WANT TO BE YOUR MOTHER“,(მე არ მინდა ვიყო შენი/თქვენი დედა)
• წმინდა თამარის (საქართველოს მეფის) კარიკატურული ნახატი, რომელსაც გარეკანზე აქვს წარწერა: „სამეფო კარი თამარში“;
• შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნიდან აფორიზმი – „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“