“რუსთავი 2“ – ის ე. წ. სკანდალი – ეს არის ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან კარგად მოფიქრებული პროვოკაცია“
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “რუსთავი 2“ -ის ხელმძღვანელობა “ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიაშია ჩართული და ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით არსებული ხელისუფლებისადმი მიმართული ბრალდებებიც ამ კამპანიის ნაწილია.
როგორც პრემიერმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “რუსთავი 2“-ის ფარულ ჩანაწერებზე ატეხილი აჟიოტაჟი ხელისუფლების წინააღმდეგ კარგად მოფიქრებულ პროვოკაციას წარმოადგენ.
“სამწუხარო რეალობაა ის, რომ ამ შემთხვევაში “რუსთავი 2“ -ის ხელმძღვანელობა “ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიაშია ჩართული. მე ვიცი, რომ ამ ტელეკომპანიაში ძალიან ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი მუშაობს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თითოეული მათგანის მიმართ დიდი პატივისცემა გამოვხატო. მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ მათ უნარებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ძალიან ცუდად იყენებენ. ამ შემთხვევაში მე “ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ.
მინდა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა, ჩვენ დღეს “რუსთავი 2“ -ის ხელმძღვანელობისგან -ნიკა გვარამიას მხრიდან პირდაპირი ბრალდებები მოვისმინეთ, რომ ამ ე. წ სკანდალის უკან ხელისუფლება დგას, კონკრეტულად მე მადანაშაულებენ. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამ ე.წ. სიმართლეს ამტკიცებენ, ასეთივე პროფესიონალიზმით უკეთებდნენ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სიცრუის ტირაჟირებას. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან კარგად მოფიქრებული პროვოკაცია ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. მე ასევე მოვისმინე, რომ თურმე მათ აქვთ კადრები მაღალჩინოსნებზე. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ სწორედ მე ვიყავი ის მთავარი ინიციატორი, რომ გაანადგურა პირადი ცხოვრების ამსახველი ასობით და ათასობით ვიდეოფაილი. ამან საყოველთაო მხარდაჭერა დაიმსახურა. მე ვიყავი ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იმ ზომების მიღებისა, რომელმაც ქვეყანაში უკანონო მოსმენები დაასრულა. ჩვენ ამას ვამბობთ მტკიცედ . “რუსთავი 2“ ის ხელმძრავნელობამ შეიძლება ყველაფერი დაგვაბრალოს . კიდევ ერთხელ მინდა სინანულით აღვნიშნო, რომ მე მეცოდებიან ის ჟურნალისტები, რომლებიც დღეს “რუსთავი 2“ -ში მუშაობენ“,-განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ თქვა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს საშუალება, განახორციელოს უკანონო მოსმენა და ფარული მიყურადება.
“ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მე “იმედის“ ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ “ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს აქვთ მოწყობილობები, რომლითაც მათ უკანონო მოსმენის განხორციელების და ფარული მიყურადების საშუალება აქვთ “,-აღნიშნა პრემიერმა.