ნიკა გვარამია ხელისუფლებას მიმართავს: პირობას გაძლევთ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ
პროკურატურის განცხადებას, რომ ტელეკომპანიის “რუსთავი 2″-ში აღმოჩენილი ფარული ჩანაწერები სააკაშვილის დაცვას უკავშირდება, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი საქმეს “შეკერილს“ უწოდებს და ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობას ჰპირდება.
“ხელისუფლებას, მათ შორის პროკურატურას და განსაკუთრებით შსს-ს, მათ, ვინც კერავს ამ საქმეებს, პირობას გაძლევთ, როგორც ჩემი ერთი მეგობარი შეგპირდათ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ ნამდვილად. ყველაფერი გამოაშკარავდება თავის დროზე, ამაზე უარესი ამბების გამოაშკარავებასაც გპირდებით, თქვენი საკუთარი მაღალჩინოსნები რომ გყავთ ჩაწერილი და მათაც რომ უსმენთ, იმასაც რომ მოგასმენინებთ, მერე მაინტერესებს, რას იტყვით, მერე რას მოიფიქრებთ, – ესეც ჩვენ დავამონტაჟეთ, ესეც ჩვენ გადავიღეთ და მოვისმინეთ? აი, ეს შეკითხვები დაისმება და უახლოეს დღეებში ამ შეკითხვებზე პასუხს ველოდები ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, მეტალის გასაშლელი კიბის თანხლებით, სამუშაოებს აწარმოებდნენ ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებშიც. აღნიშნული მტკიცებულებები – სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები საგამოძიებო უწყებას „რუსთავი 2“-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა მიაწოდა. პროკურატურამ აღნიშნული ვიდეომასალა გაასაჯაროვა. კოვზიაშვილი თანამდებობიდან 2014 წლის 7 მაისს, გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს.