„თუ გვარამია არ იტყვის, საიდან აქვს ინფორმაცია, მაშინ თითის გაშვერას თავი დაანებოს“

თუ ნიკა გვარამია არ იტყვის, საიდან აქვს აღნიშნული ინფორმაცია, მაშინ თითის გაშვერას სხვა მიმართულებით, თავი უნდა დაანებოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა. საგანელიძე “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელს ურჩევს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
“მიხეილ სააკაშვილი ყველას და ყველაფერს უსმენდა. ფარული მოსმენების, შანტაჟის, სიბინძურის ქსელი არსებობდა ქვეყანაში და სწორედ ამიტომ უთხრა საზოგადოებამ სააკაშვილს უარი. სწორედ ამიტომ ვერ ჩამოდის ის ქვეყანაში და ემალება საკუთარ ხალხს. რაც შეეხება “რუსთავი 2″-თან დაკავშირებულ დეტალებს, ვინ დაამონტაჟა აპარატურა, ვინ იყო ქვეყნის სათავეში ამ დროს, ვის ექვემდებარებოდა და დღეს რატომ წამოიწია აღნიშნულმა თემამ, ამ ყველაფერზე საჭიროა მოქალაქეობრივი ვალის გამოჩენა და იმის თქმა, რაც ვიცით. ნიკა გვარამიამ უნდა განაცხადოს, საიდან აქვს აღნიშნული ინფორმაცია, ვინ შეატყობინა, უნდა თქვას, რომელ კვალს უნდა გაჰყვეს პროკურატურა, ამის შედეგად მეტს გავიგებთ. თუ ის არავის გვარს დაასახელებს, იტყვის, რომ არაფერი იცის და ყველაფერს დამალავს, მაშინ თითის გაშვერას სხვა მიმართულებით თავი უნდა დაანებოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები