ლონდონში ქართული ფილმების მეხუთე ფესტივალი – „კინოში ასახული ცხოვრება“ გაიხსნა
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო ლონდონის ქართული ფილმების მეხუთე ფესტივალის – „კინოში ასახული ცხოვრება“ გახსნაში, რომელიც ლონდონში არსებულ პრესტიჟულ კინოთეატრ Regent Street Cinema-ში იმართება.
კინოფესტივალის ფარგლებში ბრიტანელ მაყურებელს მიეცემა საშუალება, გაეცნოს თანამედროვე ქართული კინოს მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ქართული კინოკლასიკისა და ძველი შედევრების აღდგენილ ნიმუშებს. ფესტივალის ფარგლებში შედგება რამდენიმე მსოფლიო და ბრიტანული პრემიერა.
ფილმების ჩვენების გარდა, დაგეგმილია თემატური დისკუსიები კინოფესტივალის ფარგლებში ლონდონში მყოფი ცნობილი ქართველი კინორეჟისორებისა და მსახიობების მონაწილეობით. გარდა ამისა, ცალკეული ღონისძიებები მიეძღვნება ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს, ქართული ხალხური სიმღერების თანხლებით.
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ფესტივალის გახსნის ფარგლებში, ასევე გაიმართა გამოფენა – „ქართული კინოაფიშები ეროვნული არქივიდან“.
ფესტივალი გაგრძელდება 8 მაისამდე და ის საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება.