„რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შენარჩუნების მიზნით, პარლამენტში დეზინფორმაციას ავრცელებენ“

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ხვალ, 11:00 საათზე, ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ნარკოლოგები და ექსპერტები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.
როგორც ისინი აცხადებენ, საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ადამიანებისთვის დაუშვებელია საზოგადოების დეზინფორმირება და სხვა ქვეყნებში განხორციელებული რეფორმის დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამართლებას და მისი შეცვლის აუცილებლობის ეჭვქვეშ დაყენებას!
„2018 წლის 28 აპრილს პარლამენტში შედგა “ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე” ჯგუფის შეხვედრა, სადაც მომხსენებელმა გიორგი კანდელაკმა წარადგინა პრეზენტაცია “ნარკოდეკრიმინალიზაცია – ლამაზი მითი და სავალალო რეალობა”. ამავე ავტორმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა საკუთარი ანალიტიკური ნაშრომი “ნარკოდეკრიმინალიზაციის შედეგების ანალიზი პორტუგალიისა და ჩეხეთის მაგალითზე”. ორივე შემთხვევაში ავტორი ეყრდნობა ევროპის ნარკოტიკების და წამალდამოკიდებულების ცენტრის (EMCDDA) მონაცემებს და ცდილობს დაამტკიცოს, თუ როგორი ნეგატიური შედეგები მოიტანა ნარკოპოლიტიკის რეფორმამ პორტუგალიის 2001 წლის და ჩეხეთის 2010 წლის დეკრიმინალიზაციის შემდგომ პერიოდში. ხაზგასმით აღვნიშნავთ იმას, რომ ავტორი უხეშად ახდენს მონაცემებით მანიპულირებას და საზოგადოებას აწვდის შერჩევითად, მონაცემთა მხოლოდ იმ ფრაგმენტებს, რომლებიც მის პოზიციას/შეხედულებას ასაბუთებს. ავტორი ასევე მიმართავს მონაცემთა ცალმხრივ და ტენდენციურ ინტერპრეტაციას, დინამიკის გათვალისწინების გარეშე.
სამედიცინო და საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენლის მხრიდან, ამგვარი მანიპულატორული მიდგომა, მიუღებლად მიგვაჩნია.
ბრიფინგზე წარდგენილი იქნება ის მონაცემი, რომელიც გიორგი კანდელაკმა გამიზნულად არ წარმოაჩინა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამოყენებული გვაქვს მხოლოდ ის წყარო და ბაზა, რომელიც თავად კანდელაკმა გამოიყენა საკუთარი ანალიზის გასაკეთებლად”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები