“ნარკომანიასთან ბრძოლა არის საქვეყნო ამოცანა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს” – გორდულაძე

“ნარკომანიასთან ბრძოლა არის საქვეყნო ამოცანა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს”, – ამის შესახებ, გადაცემაში „იმედის კვირა“, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მან ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„გაყიდვისთვის 12-დან 20 წლამდე, ან უვადო პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემთხვევაში 14-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა. ამავდროულად მკაცრდება სხვა ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული, თუ სხვა აკრძალული ნივთიერებების მათ შორის მარიხუანას განსაკუთრებით დიდი ოდენობით გაყიდვის შემთხვევები და აქაც პასუხისმგებლობები მკაცრდება.

ვხვეწთ მექანიზმს, რომლის მიხედვითაც ნარკორეალიზატორების და მათი ოჯახის წევრების ქონებების ჩამორთმევა განსხვავებული პროცედურით იქნება შესაძლებელი.

ნებისმიერ ფიზიკურ პირს ექნება ორი შესაძლებლობა, ან გაჰყვეს პოლიციელს თავისივე ნებით, ჩააბაროს ანალიზი, აიღოს დასკვნა, სადაც გამოჩნდება არის თუ არა ნარკოტიკის მომხმარებელი, ან მეორე, შესაბამის მიმართვას მისცემს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი, და მისი გაცემიდან ექნება კონკრეტული დრო, რა ვადაშიც უნდა ჩაიტაროს ექსპერტიზა, 24 საათში შედეგები უნდა წარმოადგინოს სამართალდამცავ ორგანოში. თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებს კონკრეტული ფიზიკური პირი, ჩაითვლება რომ იგი თავს არიდებს კვლევას და მის მიმართ სანქცია ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც არის მომხმარებლის შემთხვევაში“, – აღნიშნა  გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები