წულუკიანი პრეზიდენტზე: არ ისაუბრა იმაზე, ხუთი წლის თავზე თავად რა გააკეთა

ველოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, უფრო ფუნდამენტური იქნებოდა – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას.
მისი შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი მოხსენება, იყო სახელმწიფო საქმეში ჩაუხედავი ადამიანის გამოსვლა.
„ველოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყო საქართველოს პირველი პირი და სახელმწიფოს მეთაური, უფრო ვრცელი, უფრო ფუნდამენტური იქნებოდა, რომ მასში სიღრმისეული ანალიზი იქნებოდა, როგორც შიდა პროცესების, ასევე საგარეო გამოწვევის. ამის ნაცვლად, მოვისმინე, როგორც ჩემი ქვეყნის ერთმა მოქალაქემ, სახელმწიფო საქმეში ჩაუხედავი ადამიანის გამოსვლა, რომელსაც სადღაც ეჩქარებოდა, რომელმაც სწრაფად მოგვაყარა გარკვეული მისეული ხედვა პრობლემებისა და არ ისაუბრა იმაზე, ხუთი წლის თავზე თავად რა გააკეთა, რათა ნაკლები იყოს პრობლემები, რომელთა მოგვარებაზეც მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. არ დაგიმალავთ და გეტყით, რომ სახელმწიფო მეთაურის დღევანდელ გამოსვლაში თუკი იყო ბევრ სხვას შორის რაიმე მძიმე ან ძალიან მძიმე, ერთადერთს გამოვყოფდი, როგორც ძალიან მძიმეს, ეს იყო ის პასაჟი, როდესაც მან ბრძანა, რომ მისი განათლების მინისტრობის შემდეგ, განათლების სისტემაში არაფერი გაკეთებულა. ამ დროს, ვიფიქრე, ღიად გეტყვით – ჩვენი რომელიმე დიდი მეფე ან დედოფალი რომ​ წამოახედა, ალბათ, ის არ იკადრებდა იმის თქმას, რომ მის მერე საქართველოში არაფერი გაკეთებულა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა, რომ მის შემდეგ, განათლების სისტემაში, არც არაფერი გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები