გიორგი მარგველაშვილი: 2016 წლის არჩევნები პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა იყო

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2016 წლის არჩევნები პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა იყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე მეხუთე შემაჯამებელი მოხსენებისას განაცხადა.

„შევხედოთ თვითმმართველობის მიმართულებით არსებულ ვითარებას – შევასუსტეთ თვითმმართველობა, მივიღეთ ნაკლები თვითმმართველი ქალაქები. პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში – გავაუქმეთ არჩევნები, რაც მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო იყო და რაც მთავარია, ათწლეულობით დაპირებული რეფორმა საპარლამენტო არჩევნებისა გადავდეთ 2024 წლისთვის“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, პოლიტიკური ინსტიტუტების შესუსტება ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას ასუსტებს.
„პოლიტიკური ინსტიტუტების შესუსტება, პოლიტიკოსების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში შეიძლება იმ მომენტში რომელიმე პოლიტიკოსს ასუსტებდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას ასუსტებს. ამ თვალსაზრისით, როდესაც ვუყურებ რა მოხდა 2016 წელს, მე ვხედავ, რომ 2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა. პოლიტიკური პარტიების მიზანმიმართული შესუსტება, როგორც მთავარი მოთამაშეებისა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია, იმისთვის რომ შექმნილიყო წინაპირობა ძლიერი ოპოზიციისთვის, არცერთი კანონმდებლობა არ შეიქმნა ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები