„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატი, შესაძლოა, ზაფხულის ბოლოს დაასახელოს“

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის ინფორმაციით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, კანდიდატი შესაძლოა ზაფხულის ბოლოს დაასახელოს.
ამის შესახებ მამუკა კაციტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც დრო გადის და რაც უფრო ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, მით უფრო აქტუალური ხდება ეს თემა და განსაკუთრებული ინტრიგა ამ თვალსაზრისით შექმნა იმან, რომ „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით საკუთარ კანდიდატს არ ასახელებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, სადღაც ზაფხულის ბოლოსკენ დაასახელებენ, ანუ 11 მაისის ყრილობიდანაც არ უნდა ველოდოთ „ქართული ოცნების“ კანდიდატის დასახელებას, რომელიც, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყურადსაღები და ანგარიშგასაწევი იქნება“,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფონზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რაოდენობა მრავლდება.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი „ქართული ოცნების“ მიერ არ უნდა იყოს მონოპოლიზირებული.
„ეს არჩევნები და ამ არჩევნების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ შევძლოთ ეს ინსტიტუცია მაინც გადავარჩინოთ „ქართული ოცნების“ მონოპოლიზაციას, არ შეიძლება დასუფთავების სამსახურიდან დაწყებული, პრეზიდენტის ადმინისტრაციით დამთავრებული, ყველაფერი იყოს „ქართული ოცნების“, არ შეიძლება ეს სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისათვის. მითუმეტეს, კონსტიტუციუარად პრეზიდენტი დაკვალიფიცირებულია როგორც აპარტიული, ზეპარტიული, ყველას პრეზიდენტი და მეტიც აკრძალვაა, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს არათუ ლიდერი რომელიღაც პარტიის, არამედ ხელმძღვანელი ორგანოს წევრი, ეს იმიტომ, რომ ეს ინსტიტუცია უნდა იყოს თავისუფალი პარტიული დამოკიდებულებებისაგან“,- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, რომ როგორც „კვირას“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა კაციტაძემ განაცხადა, პარტია „ახალი მემარჯვენეები“ 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მოიაზრებს.
„ჩვენ, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საუკეთესო ვერსიას წარმოგიდგენთ, ეს არის გიორგი მარგველაშვილი. ეს არის ჩვენი პოზიცია. თუ თვითონ არ უნდა და მას სხვა ხედვები აქვს, მისი ნებაა, მაგრამ ამ სიტუაციაში ეს არის კარგი ვერსია. ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება ექნება პოლიტიკურ და სამოქალქო სპექტრს“,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები