„წინასაარჩევნოდ დაიდგა სპექტაკლი, თითქოს “რუსთავი 2“-ს შსს უსმენს“
წინასაარჩევნოდ დაიდგა სპექტაკლი, თითქოს “რუსთავი 2“-ს შსს უსმენს და ეს ხელისუფლების ინტერესშია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის შეფასებით, აუცილებელია ამ თემის ირგვლივ სრულფასოვანი, დეტალური გამოძიება ჩატარდეს. მისივე თქმით, საჭიროა გამოძიებასთან ითანამშრომლონ ნიკა გვარამიამ და “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა.
“გამოძიება უნდა იყოს სრულყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, ვინც შეიძლება ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას ფლობდეს, მათ შორის, ჟურნალისტები. შესაბამისად, უნდა გაირკვეს, ვის ინტერესებში შედიოდა აპარატურის დამონტაჟება. როგორც ჩანს, პროკურატურას აქვს საფუძველი, განაცხადოს, რომ ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. უფრო მეტიც, მის დაქვემდებარებაში შედიოდა ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომელსაც, შესაძლოა, ამ აპარატურასთან ჰქონდა წვდომა. გასარკვევია, თუ ვის ინტერესებში შედიოდა, რას უკავშირდება და როგორ წამოიწია აღნიშნული თემა წინასაარჩევნოდ. არის ეჭვი, რომ წინა ხელისუფლებას “რუსთავი 2“-თან ჰქონდა ძალიან მჭიდრო კავშირები და არ არის გამორიცხული, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” დღესაც ჰქონდეს საკუთარი ინტერესები “რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. შეიძლება ეს ყველაფერი უნისონში მოხდა”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.