ნუკრი ქანთარია: შუბლაძეს და გვარამიას კი არა, შესაძლოა, სააკაშვილი საკუთარ დედასაც „უსმენდა“
სააკაშვილს მუდამ რაღაცები ელანდებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ ის საკუთ დედასაც „უსმენდა“, – ასე გამოეხმაურა „კვირასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნუკრი ქანთარია პროკურატურის განცხადებას, რომ „რუსთავი 2″-ში აღმოჩენილი ფარულ ჩანაწერებს სააკაშვილის დაცვას უკავშირდება.
ქანთარიას თქმით, ძალიან კარგია, რომ პროკურატურამ ეს საქმე დროულად გამოიძია და არსებულ კითხვებს პასუხი გაეცა.
„ძალიან კარგია, რომ ეს საქმე პროკურატურამ ოპერატიულად გამოიძია, სააკაშვილმა უამრავი საზიანო რამ გააკეთა ქვეყნისათვის, ამასაც ძალიან კარგად მოახერხებდა და ისინდისებდა. სააკაშვილის სახით საქმე გვაქვს არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანთან, მას ირგვლივ ყველაფერი ელანდებოდა და არ არის გამორიცხული, რომ არათუ შუბლაძეს და გვარამიას, არამედ საკუთარ დედასაც უსმენდა“,- განუცხადა „კვირას“ ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, მეტალის გასაშლელი კიბის თანხლებით, სამუშაოებს ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებშიც აწარმოებდნენ. აღნიშნული მტკიცებულებები – სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები საგამოძიებო უწყებას „რუსთავი 2“-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა მიაწოდა. პროკურატურამ ეს ვიდეომასალა გაასაჯაროვა. კოვზიაშვილი თანამდებობიდან 2014 წლის 7 მაისს, გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს.