ნიკა გვარამია: 2012 წლის 21 დეკემბერს ციხეში ვიყავი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალურმა დირექტორმა მთავარი პროკურატურის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც ნიკა გვარამიამ „კვირას“ განუცხადა, იგი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
„პროკურატურის შენობა დავტოვე. როგორც კი ტელეკომპანიაში მივალ, საგანგებო განცხადებას გავაკეთებთ. რაც შეეხება 2012 წლის 21 დეკემბერს, მე მაგ პერიოდში დაპატიმრებული ვიყავი და ციხეში ვიჯექი. ამიტომ მეტ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ“,- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, მეტალის გასაშლელი კიბის თანხლებით, სამუშაოებს აწარმოებდნენ ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებშიც. აღნიშნული მტკიცებულებები – სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები საგამოძიებო უწყებას „რუსთავი 2“-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა მიაწოდა. პროკურატურამ აღნიშნული ვიდეომასალა გაასაჯაროვა. კოვზიაშვილი თანამდებობიდან 2014 წლის 7 მაისს, გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები