26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება
26 მაისის ღონისძიებების საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფმა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული კონცეფციის სამუშაო ვერსია და ტექნიკური საკითხები განიხილა. პრემიერი-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც სამინისტროების, თბილისის მერიის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. კონცეფციის სამუშაო ვერსიის თანახმად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო ზეიმი იქნება და აღლუმი არ გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობაზე იქნება ორიენტირებული და მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ რეგიონები. საზეიმო ღონისძიებების გეგმა დასამტკიცებლად 26 მაისის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიას წარედგინება. კომისიის პირველი სხდომა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ, 15 მაისს გაიმართება.