ლევან იზორია: ამ წლების განმავლობაში ქართველმა ჯარისკაცმა, ოფიცერმა, სერჟანტმა აჩვენა, თუ რა არის სიმამაცე

ქართველმა ჯარისკაცმა, ოფიცერმა, სერჟანტმა აჩვენა, თუ რა არის სიმამაცე და აჩვენა მთელ მსოფლიოს თავისუფლების დაცვის მტკიცე ნება – ასე მიმართა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამხედროები ასრულებენ ყველაზე ძლიერ და საპატიო ვალდებულებას, რასაც სამშობლოს დაცვის ვალდებულება ჰქვია.
„მინდა გავიხსენო პირველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც 27 წლის წინ ეს ვალდებულება აიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში. ამ წლების განმავლობაში ქართველმა ჯარისკაცმა, ოფიცერმა, სერჟანტმა აჩვენა, თუ რა არის სიმამაცე და აჩვენა მთელ მსოფლიოს თავისუფლების დაცვის მტკიცე ნება. წელს, როდესაც 10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ გზაზე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროში ინტეგრირება, რასაც ჰქვია ნატოში გაწევრიანება. მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად პრობლემებისა, ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ურყევი ნება, რომ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი და ვაჩვენეთ, თუ როგორ შეგვიძლია ვიყოთ ღირსეული პარტნიორები ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისთვის. თქვენთან ერთად კიდევ უფრო ვამყარებთ ჩვენი ქვეყნის დაცვის ვალდებულებას, რამაც მთლიანობაში უნდა უზრუნველყოს ჩვენი შეიარაღებული ძალების ისეთი სიძლიერე, რომ მტერს არ გაუჩნდეს თავდასხმის სურვილი. ჩვენი სიძლიერე არის საფრთხის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება და სწორად ამ ვალდებულების თანმიმდევრულად შესრულებას ემსახურება ის რეფორმები, რომელიც უკავშირდება თავდაცვითი სისტემების მოდერნიზებას“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მისივე თქმით, ქართულ ჯარში სახელფასო ანაზღაურების გაუმჯობესების და ნატოს სტანდარტების მიხედვით, ბატალიონების აღჭურვის ტენდენცია გაგრძელდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ ნატოს სტანდარტების მიხედვით ჩვენი ბატალიონების აღჭურვას. ყველა ბატალიონი, რომელიც საქართველოს მზადყოფნის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას, აღიჭურვება ნატოს სტანდარტებით. ამ ბატალიონებისთვის ვგეგმავთ სახელფასო პირობების გაუმჯობესებას და ამ ტენდენციას მომავალშიც გავაგრძელებთ ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები