პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის 10 ვეტერანი ვახტანგ გორგასლის პირველი და მესამე ხარისხის ორდენებით და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილმა ვეტერანები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და სახელმწიფო ჯილდოები პირადად გადასცა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის პირველმა პირმა მათ სიტყვით მიმართა და იმ დამსახურებაზე ისაუბრა, რომელიც თითოეულ მათგანს ქვეყნის წინაშე მიუძღვის.
“თქვენ დაამარცხეთ ძალა, რომელიც თავიდანვე მოწოდებული იყო, რომ არა მხოლოდ ქვეყნები დაეპყრო, არამედ აღეგავა პირისგან მიწისა ის ღირებული, რასაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ადამიანები. მინდა ეს დღე ასევე მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს მსოფლიოში, რადგან დღევანდელმა გამარჯვებამ მისცა შესაძლებლობა კაცობრიობას, გაეგრძელებინა ცხოვრება. დიდ მადლობას გიხდით ამ ღვაწლისთვის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტი ღვაწლმოსილ ვეტერანებს საზეიმო სადილით გაუმასპინძლდა. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ვაკის პარკში გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. გიორგი მარგველაშვილი იქ შეკრებილ ვეტერანებს შეხვდა, მათ ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი მიულოცა და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
„მინდა ყველას, ჩვენს გმირ ვეტერანებსა და საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი დღე მივულოცო. ამ დღეს ვულოცავ მსოფლიოში, ფაქტობრივად, ყველას ადამიანს, რადგან გმირებმა, რომელთა ნაწილს დღეს აქ ვხედავთ, 69 წლის წინათ, სწორედ 9 მაისს დაასრულეს ერთ-ერთი ყველაზე კოშმარული პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში და წერტილი დაუსვეს ფაშიზმსა და ნაციზმს. მინდა კიდევ ერთხელ, ქედის მოხრით, გადავუხადო მადლობა მათ იმისთვის, რაც მთელი კაცობრიობისთვის გააკეთეს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ozb0z0BgKNo&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]