ერეკლე კოდუა: ამაყი ვარ, რომ 2007 წელს ჩემი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ქვეყანა ხელში არ ჩავარდნოდა ერთ რუს ოლიგარქს

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) ყოფილი უფროსი, ერეკლე კოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ტელეკომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და დარბევის ფაქტს ეხმაურება, რისთვისაც პროკურატურამ გუშინ ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. როგორც კოდუა აღნიშნავს, ის ამაყია იმით, რომ შესაძლებლობა მიეცა, ემსახურა ქვეყნისთვის და თავისი წვლილი შეეტანა კრიმინალთან ბრძოლაში. მისივე თქმით, მან ქვეყანა ერთი რუსი ოლიგარქის ხელში ჩავარდნას გადაარჩინა.
“მეგობრებო, მე კიდევ ერთხელ გავხდი პოლიტიკური დევნის ობიექტი რუსი ოლიგარქის მსახური პროკურატურის მხრიდან. დღევანდელი მორიგი აბსურდული ფალსიფიცირებული საქმე ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რატომ დასჭირდა მათი ფანტაზიის დამწიფებას 6 წელი. მე ძალიან ვამაყობ, რომ შესაძლებლობა მომეცა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი წვლილი შემეტანა კრიმინალთან ბრძოლაში და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ 2007 წელს ჩემი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ქვეყანა ხელში არ ჩავარდნოდა ერთ რუს ოლიგარქს, რომელიც მკვლელობასაც არ ერიდებოდა საკუთარი მიზნების შესასრულებლად. დღეს მეორე რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა შური იძიოს ჩემზე, სწორედ ამის გამო. რაც არ უნდა გააყალბოთ მტკიცებულებები, დააშინოთ ადამიანები, რაც არ უნდა გამოკეტოთ ციხეებში პატრიოტები, ვერ შეცვლის ჩვენს სურვილს, ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. პირობას გაძლევთ, ძალიან მალე ქვეყანას მოსცილდება მოღალატე ხელისუფლება და ხალხის ხარჯზე გამდიდრებული რუსი ოლიგარქი და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მომავლის რწმენას“, – წერს კოდუა „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ, 2007 წლის 7 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. პროკურატურის ინფორმაციით, გარდა ამისა, კოდუა მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე, რის გამოც, მიესაჯა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და ე.წ. „ავტომანქანების საქმეზე“, რომელზეც მიესაჯა 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები