ტურისტულმა სეზონმა, რომელიც მაისიდან იწყება, მოლოდინს გადააჭარბა – შოთა ბურჯანაძე
ტურისტულმა სეზონმა, რომელიც მაისიდან იწყება, მოლოდინს გადააჭარბა, როგორც რაოდენობის კუთხით ისე ფისკალურად, – აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე.
მისი თქმით, უცხოელი სტუმრები აქტიურად ჩამოდიან, როგორც შავიზღვისპირეთში ისე თბილისში.
„რეალურად 2025 წლის დასაწყისი ტურისტული სფეროსთვის შესაძლოა სტარტი არ იყო ის რაც იქნებოდა დადებითი, თუმცა რეალურად ტურისტულმა სეზონმა, რომელიც მაისიდან იწყება მოლოდინს გადააჭარბა, როგორც რაოდენობის კუთხით ისე ფისკალური კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული მიმართულებები გარკვეულწილად შეიცვალა და ტურისტების დიდი რაოდენობა გვყავს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სპარსეთის ყურიდან გვყავს, მიუხედავად ამისა თბილისი იქნება თუ რეგიონები რაოდენობრივად და ფისკალურად დადებითი ციფრები გვაქვს.
უცხოელი ტურისტების რაოდენობა არის გაზრდილი. მე როცა ახლა ინტერვიუს ვიძლევი სასტუმროების დიდ რაოდენობას აქვს ოვერბუქინგი და შევსებულია მთლიანად. დიდი ხანია ჩვენ ასეთი სიტუაცია არ გვქონდა და შესაბამისად როგორც თბილისში ისე შავიზღვისპირეთში მათი ხარჯვითი წილიც იზრდება.
გასტრონომიული მიმართულება არის ტურიზმის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშა და ჩვენ გვაქვს ავთენტიკური, განსაკუთრებული კულტურა. ტურისტი, რომელიც ჩამოდის მისთვის არამხოლოდ ღირსშესანიშნაობები, ისტორიულ ძეგლებია მნიშვნელოვანი, ასევე მისთვის მნიშვნელოვანია გასტრონომიული კულტურის გაცნობაც“, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას – თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს (1,971.0 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა.
2025 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა.
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის მეორე კვარტალში წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა – 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ისრაელიდან (გაიზარდა 66.4 მლნ. აშშ. დოლარით, 37.9%-ით და 241.9 მლნ. აშშ შეადგინა) ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (გაიზარდა 30.7 მლნ. აშშ. დოლარით, 12.5%-ით და 277.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 24.1 მლნ. აშშ. დოლარით, 30.7%-ით და 102.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 6.2 მლნ. აშშ. დოლარით, 18.9%-ით და 38.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სომხეთიდან (გაიზარდა 1.8 მლნ. აშშ. დოლარით, 2.8%-ით და 66.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა).