“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, სახელმწიფომ იმ ვიწრო ხაზზე უნდა გაიაროს, რასაც სიტყვის თავისუფლების არდარღვევა ჰქვია”

„სხვა უფლებებთან ერთად ადამიანის უფლებაა, კონკრეტული რელიგიის აღმსარებელი იყოს და სხვისგან ამ რელიგიის პატივისცემა მოითხოვოს. სახელმწიფოს მხრიდან ეს ისეთივე მხარდასაჭერია, როგორც დანარჩენი უფლებები, მაგრამ სახელმწიფომ იმ ძალიან ვიწრო ხაზზე უნდა გაიაროს, რასაც სიტყვის თავისუფლების არდარღვევა ჰქვია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელის მიხედვითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება უნდა იყოს.
როგორც მან განმარტა, იმის გამო, რომ დეფინიციის ზუსტი განსაზღვრება ამ ეტაპზე რთულია, უნდა შეიქმნას ისეთი რეგულაცია, რომელიც არცერთ ღირებულებას არ დააზიანებს. “იმის გამო, რომ დეფინიციის ზუსტი განსაზღვრება ამ ეტაპზე რთულია, შევეცდებით, ისეთი რეგულაცია შევქმნათ, რომელიც არცერთ ღირებულებას არ დააზიანებს. თუ ასეთის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ამას არ გავაკეთებთ. თუ საფრთხის ქვეშ სიტყვის თავისუფლება დადგება, ასეთი რეგულაცია არ შეიქმნება. შევეცდებით, ისეთი კანონმდებლობა შეიქმნას, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს და სხვა უფლება არ დაირღვევა. საუბარი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე არ არის, შესაძლებელია, ადმინისტრაციული წესით განსაზღვრული წესრიგი იყოს”, – დასძინა მათიკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც მსჯელობა რელიგიურ გრძნობებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წარმომადგენელი ემზარ კვიციანია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირეს პროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები