ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეექვსე სხდომა გაიმართება

0

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი თანათავმჯდომარეების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტის წევრის, საჯად კარიმის ხელმძღვანელობით, ხვალ, 26 აპრილს, მეექვსე სხდომას გამართავს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად, საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრები საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენელებს მოუსმენენ. სხდომაზე პარტნიორები განიხილავენ ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელებას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმსჯელებენ მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვაზე და ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმებზე. კომიტეტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ხოლო, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გააცნობს. სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი განცხადებას და რეკომენდაციებს მიიღებს. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) შედგება, ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის წევრების და მეორე მხრივ, ევროპარლამენტის წევრებისაგან. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად (კარი VIII, თავი I, მუხლი 410), საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას.

კომენტარები

კომენტარი