„განთავსდება თუ არა საქართველოში ნატოს თავდაცვის სისტემები, ნატოს გადასაწყვეტია“

განთავსდება თუ არა საქართველოში ნატოს თავდაცვის სისტემები, ეს ნატოს გადასაწყვეტია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა.
ჩვენს ნებაზე არ არის დამოკიდებული, ნატო რას განაცხადებს, ეს ნატოს გადასაწყვეტია. ჩვენს ქვეყანას რამდენად სჭირდება, ეს კიდევ ცალკე საკითხია”, – განაცხადა ჭიკაიძემ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას. რამდენად რეალურია ნატოს თავდაცვის სისტემების განთავსება საქართველოში, ამასთან დაკავშირებით ჭიკაიძემ აღნიშნა: “ამ საკითხზე პასუხს ვერ გაგცემთ, ჩახედული არ ვარ, არც კომპეტენტური და ნატო გადაწყვეტს, ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, ნატო დააყენებს თუ არა საქართველოში თავდაცვის სისტემებს“.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, დასავლეთმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა, შესთავაზოს ნატოს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში. როგორც მან ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები და რუსეთი მიხვდება, რომ ნატო სერიოზულად უდგება საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები