საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებას მომავალშიც გააგრძელებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტს, ჯორჯინა ბეიქერს (Georgina Baker) შეხვდა. მხარეებმა საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

ფინანსთა მინისტრმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს ის პოზიტიური დინამიკა გააცნო, რაც ეკონომიკაში 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისიდან აღინიშნება.  ასევე, განიხილეს ის რეფორმები, რომელთა მიზანია, საშუალო და მცირე ბიზნესის წახალისება, ადამიანური კაპიტალის განვითარება.

ფინანსთა მინისტრმა IFC-ის  ვიცე-პრეზიდენტს მადლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორების დაფინანსებისთვის მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა: საფინანსო სფერო, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, კაპიტალის ბაზარი.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და საქართველოს შორის წარმატებით მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მოხარული ვარ, რომ პარტნიორობა გრძელდება. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ საქართველოს მხარდაჭერას”,- აღნიშნა საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია. მსოფლიო ბანკის კერძო სექტორის ოპერაციები სწორედ IFC-ის მიერ ფინანსდება. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში,  იგი ინვესტიციებით და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები