„ახალგაზრდა ადვოკატები“: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში თემურ ბასილიას საქმეზე მსჯელობა სასამართლოს პასუხისმგებლობის ნაწილია

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის, თემურ ბასილიას საქმეზე გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო მსჯავრდების გადახედვის წინ, საქმეზე გაკეთებული შეფასებები ერთნაირად საგულისხმო უნდა იყოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისთვის.
„ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი: „კიდევ ერთ გადადებულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარყო პროკურატურის მოთხოვნა, რომ გადაეხედა თემურ ბასილიას, ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწის, 2008 წლის საქმისთვის. პროკურატურის მოთხოვნა ეფუძნებოდა გამოძიებას, რომელმაც გამოავლინა ყოფილი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი სერიოზული დარღვევები, თემურ ბასილიას სისხლის სამართლებლივ დევნაში. მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ დაავალა სააპელაციო სასამართლოს, დაეწყო ამ საქმის გადახედვა, ივლისში სასამართლომ დაიწყო მისი განხილვა, თუმცა შემდგომში არაერთხელ გადადო სასამართლო სხდომები“. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშში გაჭიანურებული სასამართლო სხდომები ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის შემაფერხებელ გარემოებადაა დასახელებული. თემურ ბასილიას საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი სხდომა 2017 წლის 25 მაისს დანიშნა, თუმცა პროცესი აღმოჩნდა ხანგრძლივი. 2017-2018 წლებში, საქმეზე არაერთი სხდომა ჩატარდა. საბოლოოდ, სასამართლო საქმეზე მოსმენას 2018 წლის 3 მაისს დაასრულებს და შემაჯამებელ გადაწყვეტილებასაც ამავე დღეს გამოაცხადებს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში, დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მაშინდელ პროკურატურას სურდა, დანაშაულში გამოევლინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით, შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა, თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით, იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული. 2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილის (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილის და მზია ლომთათიძის შემადგენლობით განიხილავს“, – ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები