არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს დადებითად აფასებს

“საერთო ჯამში, ანგარიში არის პოზიტიური და თუ შევადარებთ წინა წლების ანგარიშებს, მასში კრიტიკული შეფასებები შემცირებულია, განსაკუთრებული აქცენტები არის გაკეთებული იმ დარღვევებსა და მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ – ეს რჩება ძირითად გამოწვევად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში, არჩევნები კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა და ასევე, ყურადღებაა გამახვილებული საპატიმრო დაწესებულებებში საგრძნობლად გაუმჯობესებულ ვითარებაზე.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა გლობალური ანგარიში, სადაც საქართველოს შესახებ არის მოცემული ინფორმაცია. საერთო ჯამში, ანგარიში არის პოზიტიური და თუ შევადარებთ წინა წლების ანგარიშებს, მასში კრიტიკული შეფასებები შემცირებულია, განსაკუთრებული აქცენტები არის გაკეთებული იმ დარღვევებსა და მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ – ეს რჩება ძირითად გამოწვევად. ასევე, არის საუბარი ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც ანგარიში ეთანხმება იმ შეფასებებს, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააკეთეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. რა თქმა უნდა, არის მოცემული შეფასებები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ვიტყოდი, რომ დიამეტრიულად უკეთესი ვითარებაა ჩვენი ხელისუფლების პირობებში საპატიმრო დაწესებულებებში, სადაც წინა წლებში ადამიანის უფლებების შესახებ ძალიან კრიტიკული შეფასებები იყო მოცემული. ამ ანგარიშში კი ასეთი კრიტიკული შეფასებები აღარ გვხვდება. რაც შეეხება სხვა თავებს, იქ არის საუბარი მედიის თავისუფლებაზე, პოლიციაში გატარებულ რეფორმაზე, სხვა რეფორმებზე, რომელიც ადამიანის უფლებათა კუთხით არის მნიშვნელოვანი და გამახვილებულია ყურადღება საპარლამენტო კონტროლის ისეთ მექანიზმებზე, როგორიც არის აუდიტის სამსახური და სახალხო დამცველის ოფისი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ ვითარებაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური მოხსენება, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი, გუშინ გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები