დედამიწის საერთაშორისო დღეს „ჯორჯიან მანგანეზი“ ნერგების დარგვითა და დასუფთავების აქციით აღნიშნავს

0

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზიც“ შეუერთდება, – „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ნერგები დაირგვება, კომპანიის თანამშრომლები დასუფთავების აქციაშიც მიიღებენ მონაწილეობას. როგორც „კვირასთან“ საუბარში „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ დირექტორმა ვასილ გველესიანმა განაცხადა, კახეთში კომპანიამ უკვე გაგზავნა ტრანსპორტი, საიდანაც ნერგებს ჩამოიტანენ. „დედამიწის საერთაშორისო დღეს, არამხოლოდ მოწოდებებით, არამედ საქმითაც ვუერთდებით. კახეთში, კერძოდ თელავსა და ახმეტაში, უკვე გაგზავნილი გვყავს ავტოტრანსპორტი, საიდანაც ჩამოვიტანთ 250 ნერგს, მათ შორის 200 ძირი ტუია და 50 ძირი წიწოვანი ხე იქნება. ჩვენ და ჩვენი თანამშრომლები საკუთარი ხელით გავანაშენიანებთ ქარხნის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიას, სიმწვანეს შევმატებთ ქალაქს და ამით ხელს შევუწყობთ გარემოს გაჯანსაღებას. ასევე, ჩავერთვებით დასუფთავების სამუშაოებშიც და ჩვენ წვლილს შევიტანთ ქალაქის დასუფთავებაში“, – განუცხადა „კვირას“ ვასილ გველესიანმა.
ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი „კვირასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ეკოლოგიური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამისი დასტურია ისიც, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ეკოლოგიური შინაარსის ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს და კომპანიის თანამშრომლები ინტენსიურად ერთვებიან დასუფთავებისა თუ გარემოზე ზრუნვის მიზნით გამართულ სხვადასხვა აქციაში.
ცნობისთვის, 22 აპრილი, დედამიწის საერთაშორისო დღე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი