ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის მიზეზების დასადგენად საპატრიარქოს კომისიაც იმუშავებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სოფელ ახალსოფელში ეკლესიის ჩამონგრევის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
როგორც პატრიარქის განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების მხრიდან გამოძიება უკვე დაწყებულია, მაგრამ კომისია საპატრიარქოს მხრიდანაც იმუშავებს.
“ეს არის მეტად მძიმე შემთხვევა და მისი მიზეზები, აუცილებლად, დროულად უნდა დადგინდეს. გამოძიება ხელისუფლების მხრიდან უკვე დაწყებულია, მაგრამ კომისია ჩვენი მხრიდანაც იმუშავებს. გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ მამუკა მიქელაძისა და თორნიკე მახარაძის ოჯახებს. დიდია მშობლებისა და ახლობლების გულისტკივილი მომხდარის გამო, მაგრამ მინდა მათაც ვუთხრა და ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, რომ სული უკვდავია და იგი იწყებს ახალ, მარადიულ ცხოვრებას. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მამუკასა და თორნიკეს უკვდავი სული და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს მათ, ხოლო გიორგი გორგაძესა და ლაშა მსხალაძეს მიმადლოს შეწევნა ღვთისა, გამოჯანმრთელება და მშვიდობა. ღმერთმა დალოცოს მათი ოჯახის წევრები და ახლობლები”, – ბრძანებს პატრიარქი.
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის თაღის ჩამონგრევის გამო ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა.