საყოველთაო ჯანდაცვის 1 წლის შეფასების ძირითადი შედეგები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის განვითარების სააგენტოსა (USAID) და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ერთობლივი კონფერენცია გამართა თემაზე: „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა: ერთი წლის შედეგების შეფასება“.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობა, მიმდინარე სიტუაციის ანალიზი, მიღწეული შედეგებისა და რეკომენდაციების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გაერთიანებული ერების ორგნიზაციის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოში აშშ საელჩოს, აშშ-ის განვითარების სააგენტოსა (USAID) და მსოფლიო ბანკის ამიერკავკასიისა და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამედიცინო სფეროს 150-მდე წარმომადგენელმა. ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი.
გერმანიის ჯანდაცვის უწყებამ გამოთქვა მზაობა მხარი დაუჭიროს საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომ განვითარებას. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის 1 წლის შეფასების ძირითადი შედეგები ასეთია: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზიაციის, USAID და მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ მიმდინარე წლის თებერვალი-აპრილის პერიოდში განხორციელდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ერთი წლის შედეგების შეფასება და ანალიზი. პარალელურად, აშშ-ის განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროექტის (USAID/HSS) ფინანსური და ტექნიკური დახმარებით ჩატარდა მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა მიღებული მომსახურებით კმაყოფილების შესახებ და პროვაიდერებისა და მოსარგებლეების ხარისხობრივი კვლევა (ფოკუს-ჯგუფების დისკუსია) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობის შეფასების მიზნით. კვლევის პირველ კომპონენტში, რომელიც გეგმიური ამბულატორიული მომსახურებით მოსახლეობის კმაყოფილებას აფასებდა, მონაწილეობა 431–მა მოსარგებლემ მიიღო.
მეორე კომპონენტი შეეხებოდა გადაუდებელი ამბულატორიული და გეგმიური სტაციონარული სერვისების შეფასებას და მონაწილეთა საერთო რიცხვმა 358 ბენეფიციარი შეადგინა. ექსპერტული ანალიზისა და კვლევის შედეგების ძირითადი მესიჯები:
• საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ხარისხის გაუმჯობესება, რაც აისახა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ასიგნებების მოცულობის უპრეცედენტო გაზრდით (თითქმის გაორმაგებით 365 მლნ ლარიდან 2012 წელს 634 მლნ ლარამდე 2013 წელს);
• საქართველოს მთავრობამ თითოეული მოქალაქისათვის შექმნა ჯანდაცვის უფლებით უნივერსალური სარგებლობის ფუნდამენტი – 2014 წ. აპრილის მონაცემებით, საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით, მათ შორის დაახლოებით 3.4 მილიონი ადამიანი მოცულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, 560 ათასი ადამიანი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა, ხოლო 546 ათასამდე პირს აქვს კერძო ან კორპორატიული დაზღვევა;
• 2014 წლის 5 მაისისათვის 2.3 მლნ ბენეფიციარი უკვე დარეგისტრირებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. სულ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფიქსირდა 383 707 შემთხვევა, მათ შორის, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება – 229 480, გადაუდებელი სტაციონარი – 81 495; გეგმიური ქირურგია (გარდა კარდიოქირურგიისა) – 27 030; კარდიოქირურგია – 1 107; ქიმიო , ჰორმონო და სხივური თერაპია -12 308; მშობიარობა – 31 867;
• გამოკითხვის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეების აბსოლუტური უმრავლესობა (96.4%) კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია ჰოსპიტალური და/ან გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით, ხოლო მოსარგებლეების 80.3% კმაყოფილია ან ძალიან კმაყოფილია გეგმიური ამბულატორიული მომსახურებით;
• გეგმიური ამბულატორიის კომპონენტში გამოკითხულთა 84.1% და გეგმიური ჰოსპიტალზიაციისა და გადაუდებელი ამბულატორიის კომპონენტში რესპონდენტთა 78.2% აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველაზე დადებით მხარეს წარმოადგენს მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერა. ასევე მოსარგებლეთა უმრავლესობა მიუთითებს თავისუფალი არჩევანის უფლებაზე, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთ მთავარ დადებით მხარეზე;
• გამოკითხვით ნათელია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ გაზარდა სამედიცინო სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობა, თუმცა 2014 წლის სექტემბრისთვის დასრულდება სრულმასშტაბიანი შეფასება ჯანდაცვის უტილიზაციისა და შინამეურნეობების დანახარჯების კვლევით (HUES). კვლევა, რომელიც ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით განხორციელდება ზუსტად გამოავლენს რამდენად შემცირდა მთავარი მაჩვენებელი – ჯანდაცვაზე 70%-იანი ჯიბიდან გადახდები, ანუ რამდენად შეუმცირდა მოსახლეობას ჯანდაცვაზე ფინანსური ტვირთი;
• მომსახურების ცალკეული კომპონენტებით კმაყოფილების შეფასებამ ამასთანავე აჩვენა, რომ უკმაყოფილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (7.6%) „სასურველი მომსახურების მიღებამდე ლოდინის პერიოდის ხანგრძლოვობაზე” მოდის;
• პროგრამისათვის მედიკამენტების ანაზღაურების კომპონენტის დამატების სურვილი გამოთქვა გეგმიური ამბულატორიის სერვისების კომპონენტით გამოკითხულთა 78%-მა და სტაციონარული სერვისების კომპონენტით გამოკითხულთა 60%-მა;
• აღნიშნული რეკომენდაციები საფუძვლად დაედება საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომი განვითარების პროცესს, რომელიც ასევე მთავარ საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები