კობა ოთანაძე: სამართალი ბოლომდე მაშინ იზეიმებს, როცა სააკაშვილს და მერაბიშვილს გაასამართლებენ
ყოფილი ხელისუფლების მიერ ე.წ მუხროვანის ამბოხის საქმეში ბრალდებული კობა ოთანაძე „კვირასთან“ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ლევან ტაბიძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც ოთანაძე აცხადებს, ტაბიძე კანონის ფარგლებში ადეკვატურად უნდა დაისაჯოს, რადგან ამ უკანანსკნელმა თანმხლებ პირებთან ერთად სასტიკად აწამა მისი ნათესავები. ოთანაძე აცხადებს, რომ ე.წ. მუხროვანის საქმეზე სამართალი მაშინ იზეიმებს, როდესაც საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დააპატიმრებენ, ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილს კი ბრალს დაუმძიმებენ.
„ძალიან კარგია, რომ დამნაშავეების დაკავება დაიწყო. ლევან ტაბიძე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, რადგან მან და მისმა თანამზრახველებმა ჩემი ნათესავები აწამეს, რომ როგორმე ეთქმევინებინათ ჩემი და დანარჩენების ადგილსამყოფელი. ტაბიძეც და სხვებიც შემსრულებლები არიან. სამართალი ბოლოდე მაშინ იზეიმებს, როცა სააკაშვილს და მერაბიშვილს დააკავებენ და პასუხს აგებინებენ. იმედი მაქვს, ყველას მოეკითხება ამ სადიზმისთვის“,- განუცხადა “კვირას“ ოთანაძემ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ე.წ მუხროვანის ამბოხისთვის ძებნილი ერთ-ერთი პირის კობა ოთანაძის ნათესავების წამების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე დააკავა.