მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტს მოუწევს პასუხის გაცემა, რატომაა ისეთი შეწყალებები, რაზეც ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს

„იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას იღებდეს, მათ შორის ბაქრაძისა და ასეულობით შეწყალებაზე, რაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირების მიმართ განხორციელდა, ორი დღის განმავლობაში, შეწყალების ფაქტის ახსნის პროცესში მართლაც ცინიკურ დამოკიდებულებას ვხედავთ”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.
როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, პრეზიდენტის ეს მცდელობა ნებისმიერ შემთხვევაში წარუმატებელია, რომ ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს.
“ამ ყველაფრის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანის მცდელობასაც ვხედავთ და ორი პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანების შესახებ ათას სისულელეს ვისმენთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს წარუმატებელი მცდელობაა, რომ ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს. პრეზიდენტს მოუწევს, რეალური და გულწრფელი პასუხები გასცეს იმაზე, ასე რატომ ხდება და ისეთი შეწყალებები რატომ არის, რაზეც ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ამ ყველაფერმა სიმძაფრე მას შემდეგ შეიძინა, რაც საზარელი მკვლელობის მომსწრე გავხდით. პრეზიდენტმა ერთხელ სცადა, რომ მსხვერპლისთვის გადაებრალებინა, შემდეგ განმარტა, რომ ბაქრაძე მაინც თავისუფალი იქნებოდა და ამ შემთხვევაში პრევენციის ნიშნებზე წარმოდგენა არ აქვს. იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, ცდილობს, ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს. ასეთ დროს პრეზიდენტს უდიდესი პასუხისმგებლობა ენიჭება”, – განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ, გუშინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები