ლია კრიალაშვილი: ლევან ტაბიძე სადისტია, ის სათანადოდ უნდა დაისაჯოს

ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს გარდაცვლილი გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ლევან ტაბიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. როგორც ლია კრიალაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, სწორედ ტაბიძის და მისი სხვა თანამზრახველების სისასტიკის შედეგია, რომ დღეს მისი ძმა ცოცხალი აღარ არის.
„ეს ის ლევან ტაბიძეა, რომელმაც კობა ოთანაძის ნათესავებს 1 წლის ბავშვის ჩამოკიდებითა და შუაზე გახლეჩვით დაემუქრა, თუ ჩემი ძმის და სხვა პირების ადგილსამყოფელს არ ეტყოდნენ. ასეთი არამზადა ციხეში უნდა დარჩეს. ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ბავშვს ცოცხლად გავხლეჩო, ის გარეთ როგორ უნდა გამოვიდეს.
ვითხოვ, უმკაცრესად დაისაჯოს ტაბიძეც და ყველა ის პირი, რომელიც ამ სისასტიკეში მონაწილეობდა. დღეს მე უბედნიერესი ვარ. ჩემს ძმას ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს და ეს არამზადები და მკვლელები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, უღრმესი მადლობა გამომძიებლებს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ, რომ ამ საქმეს ნათელი მოჰფენოდა“,- განუცხადა „კვირას“ ლია კრიალაშვილმა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. მუხროვანის ამბოხისთვის ძებნილი პირების: კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის ძებნის სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებები გაასაჯაროვა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, წამების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შ.ს. სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები