ლევან ტაბიძის მეუღლე: რისთვის მისცა სააკაშვილმა ორდენი ჩემს ქმარს, არ ვიცი

ლევან ტაბიძეს, ზარიძეების ოჯახის წევრების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის და ამ გზით „მუხროვანის ამბოხისთვის“ ძებნილი პირების ადგილსამყოფელის შესახებ მიღებული ინფორმაციის მოპოვებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით, გადაეცა ფულადი პრემია 10 000 ლარი, ხოლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, მიენიჭა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი, – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ლევან ტაბიძის მეუღლემ „კვირასთან“ საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ მის მეუღლეს რამდენიმე წლის წინ, მართლაც, გადაეცა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. თუმცა, თეა ტაბიძემ ვერ გაიხსენა, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა მის მეუღლეს ეს წოდება.
„დიახ, ნამდვილად გადაეცა ღირსების ორდენი, თუმცა რა დამსახურებისთვის, ეს ჩემთვის უცნობია. რაც შეეხება ფულად პრემიას, 10 ათასს ლარს, ამ ფაქტის შესახებ მე არაფერი ვიცი“, – განუცხადა „კვირას“ თეა ტაბიძემ.
ტაბიძის განცხადებით, მეუღლის დაკავების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ შეიტყო. მან ადვოკატის ვინაობა არ გაამხილა. თეა ტაბიძის ინფორმაციით, ლევან ტაბიძე ბოლო დროს კერძო კომპანიაში მუშაობდა.
„მე ისიც კი არ ვიცი, რომ დაკითხვაზე დადიოდა. ის სამსახურში მიდიოდა და შეიძლება მერე პროკურატურაში ცხადდებოდა. სახლში ამ საკითხზე არ საუბრობდა“, – აღნიშნა თეა ტაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. მუხროვანის ამბოხისთვის ძებნილი პირების: კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის ძებნის სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებები გაასაჯაროვა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, წამების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შ.ს. სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე დააკავა. ლევან ტაბიძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ 2009- 2012 წლებში მუშაობდა. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები