კახა კახიშვილი: ჩვენ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცით

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, კახა კახიშვილს მოუსმინეს. მინისტრმა ჯგუფის წევრებს სამინისტროში 2015-16 წლებში განხორციელებული საიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცით. მოგეხსენებათ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციფიკა. აქ არის დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულებები, რომლის ინფრასტრუქტურა, კორიდორები, პერიმეტრი, საკანალიზაციო ჭების განლაგება თუ სხვა წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას. ჩვენ ფაქიზად ვუყურებთ ნებისმიერ ამ საკითხს. პატიმრის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება პრიორიტეტია ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, საკითხები, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, პატიმრების უსაფრთხოებასა და კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საიდუმლოა და ასეთი ტიპის შესყიდვები ხორციელდება ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, “გრიფით საიდუმლო”, – განაცხადა მინისტრმა.

ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს შესყიდვებთან მიმართებით, სწორი პოლიტიკა გააჩნია.

„სასჯელაღსრულების სისტემას თავისი სპეციფიკა ახასიათებს და სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, მინისტრს რეფორმები და გეგმები კარგად აქვს ჩამოყალიბებული. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა და გვაქვს მოლოდინი, რომ შესყიდვებთან დაკავშირებით, სისტემა მაქსიმალურად გაიმართება, რაც ხარჯებს შეამცირებს და მართვის ეფექტურობას გაზრდის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არის დიამეტრული გაუმჯობესება, როგორც პატიმართა უფლებების დაცვის, ასევე, პირობების თვალსაზრისით.

“ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომელიც აუდიტის სამსახურის დასკვნაში იყო მოცემული. მინისტრს აქვს ძალიან სწორი ხედვა მომავალი განვითარების შესახებ. მათ შორის, სასჯელაღსრულების ახალ დაწესებულებებთან დაკავშირებით”, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, შეხვედრიდან ჩანს, რომ სამინისტრომ ყველა პარამეტრი, რომელიც ეხება საიდუმლო შესყიდვებს, კვების საკითხებს, მშენებლობის სტანდარტებს, ინფრასტრუქტურას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მოიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები