პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მოუსმინეს ​

პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, კახი კახიშვილს მოუსმინეს. დახურული ფორმატის შეხვედრაზე მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებს ის ინფორმაცია გააცნო, რომელიც 2015-16 წლებში სამინისტროს მხრიდან საიდუმლო შესყიდვებს უკავშირდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები გაკეთდა.

„ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც აუდიტის სამსახურმა პრობლემატურად მიიჩნია და ამ კითხვებს ამომწურავი პასუხი გაეცა. თავად სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს არის დახურული ტიპის ობიექტები, პენიტენციური დაწესებულებები და ბუნებრივია, ჩვენ ფაქიზად ვუყურებთ ნებისმიერ იმ საკითხს, რომელმაც შესაძლოა, ჯანმრთელი პატიმრის უსაფრთხოებას შეუქმნას პრობლემა”, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

მინისტრმა საიდუმლო შესყიდვების ნუსხაც განმარტა და აღნიშნა, რომ ასეთ კატეგორიებს კვება, მომარაგება და ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენს.

თავის მხრივ, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ მინისტრი რეფორმატორული მიდგომებით გამოირჩევა.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ უწყების ხელმძღვანელი, მინისტრი, გამოირჩევა რეფორმატორული მიდგომებით და მივესალმები, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, მინისტრს გააზრებული აქვს სწორი პოლიტიკა შესყიდვებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ სასჯელაღსრულების სისტემას ახასიათებს თავისი სპეციფიკა და განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს. აქედან გამომდინარე, ის რეფორმები და გეგმები, რაც მინისტრს გააჩნია, რომ შესყიდვებთან მიმართებაში გაუმჯობესდეს ადმინისტრაციული მმართველობა და ასევე, იყოს ძლიერი კონტროლის მექანიზმები, ეს მას კარგად აქვს ჩამოყალიბებული და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს”, – განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში, სხვა მიმართულებების მსგავსად, შესყიდვების კუთხითაც წარმატებული შედეგი დაიდება.

ნდობის ჯგუფის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ყველა იმ თემებზე, რომლებიც შეიძლება მათი ინტერესის სფერო ყოფილიყო, მინისტრისგან პირდაპირი პასუხები მიიღეს.

„ეს არის მოსმენების კონფიდენციალური ფორმატი და ის ინფორმაციაც კონფიდენციალურია, რასაც ჩვენ ვიღებთ. საჯაროდ შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც აუდიტის სამსახურის მიერ იყო გარკვეული ტენდენციებით გამოკვეთილი ან ყველა იმ თემაზე, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ინტერესის სფერო, მინისტრისგან პირდაპირი პასუხები მოვისმინეთ”, – განაცხადა ნდობის ჯგუფის წევრმა, ეკა ბესელიამ.

მისივე შეფასებით, სამინისტროს სტანდარტები თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს უახლოვდება და უსაფრთხოების თვალსაზრისით, პატიმართა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში როგორც პატიმართა უფლებების დაცვის, ასევე, პირობების თვალსაზრისით, სერიოზული გაუმჯობესება შეინიშნება.

„ნდობის ჯგუფის ფარგლებში, განვიხილეთ სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ ინფორმაცია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არის დიამეტრული გაუმჯობესება, როგორც პატიმართა უფლებების დაცვის, ასევე, პირობების თვალსაზრისით. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც აუდიტის სამსახურის დასკვნაში იყო მოცემული”, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

ნდობის ჯგუფის წევრის განცხადებით, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს მომავალი განვითარების შესახებ და მათ შორის, სასჯელაღსრულების ახალ დაწესებულებებთან დაკავშირებით, სწორი ხედვა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები