ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გადადგა
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი თანამდებობიდან გადადგა. ერმაკოვი “ქართული ოცნებიდან” ბათუმის მერად კენჭს იყრის. როგორც გიორგი ერმაკოვმა ბათუმის მერიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ქალაქში გავრცელებული მითქმა-მოთქმის გამო, რომ მისი საარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსი იქნებოდა გამოყენებული, დაწერა განცხადება და თანამდებობიდან გადადგა. მისი განმარტებით, ის ბათუმის მერიის თანამშრომლებს 13 მაისს დაემშვიდობება, რის შემდეგაც აქტიურად დაიწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი უკვე მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2014 წლის თებერვლიდანაა. მანამდე ის მერის პირველი მოადგილე იყო. გიორგი ერმაკოვი 1997 წლიდან 2012 წლამდე შს სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.