მთავრობა მეწარმეებისთვის მაღალპროცენტიანი სესხების ალტერნატივას ქმნის

მთავ​რობა მეწარმეებისთვის მაღალპროცენტიანი სესხების ალტერნატივას ქმნის – შესაბამისი განცხადება ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში გააკეთა, სადაც „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია „Microsoft”-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქარველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა ბახტაძის თქმით, ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას.
„შესაბამისად, საჭიროდ ჩავთვალეთ, ალტერნატიული წყაროს შექმნის ინიციატივა, რომელსაც ვუწოდეთ სასტარტო კაპიტალის შექმნის რეფორმა!სასტარტო კაპიტალზე წვდომის იდეა მდგომარეობს, რომ სწორედ ჩვენი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის, იაფი, ფაქტობრივად ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის მქონე ფულადი რესურსის მიწოდებას! ეს იქნება ალტერნატივა, მაღალპროცენტიანი საბანკო პროდუქტისა!
ჩვენი ორიენტირია, რომ ამ ეროვნულ იდეას მოხმარდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 1 პროცენტი, რომელიც მინიმუმ 400 მილიონი ლარია!
ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდა გახდება ინკლუზიური, მოსახლეობაზე ორიენტირებული და თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებზე აგებული. მცირე მეწარმეებისათვის არსებულ 1%-იან გადასახადების, დღგ-ს დაბრუნების ავტომატიზებული სისტემისა და კაპიტალზე წვდომის რეფორმების ერთობლიობით, სამეწარმეო აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ეს კი ნიშნავს, რომ მშპ-ს ზრდაში მცირე და საშუალო ბიზნესს და ახალ მეწარმეებს ექნებათ მინიმუმ 60%-იანი წილი.
მეგობრებო, გთხოვთ ჩემი ეს სიტყვები არ მიიღოთ მხოლოდ, როგორც ფინანსთა მინისტრისგან ან პოლიტიკოსისგან, ეს არის სიტყვები საქართველოს მოქალაქის, რომელმაც იცის თუ რა სჭირდება შრომისმოყვარე და მიზანდასახულ ახალგაზრდებს და ადამიანებს, თავისი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის!
ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ საფუძველი ჩავუყაროთ საქართველოს განვითარებას სწორი ეკონომიური მიმართულებით, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა პირობები სჭირდება ახალგაზრდა ბიზნესს განვითარებისთვის, და განვიხილოთ რა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია თქვენი ხელშეწყობისათვის. ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, გვაძლევს ყველა იმ უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია მაქსიმალურად წარმატებულად მოვახდინოთ, ამ ტრანსფორმაციაში ასევე უმნიშვნელოვანესი ადგილი ციფრულ გზას უჭირავს, რომელიც უზრუნველყოფს ლოკალური ბიზნესის საერთაშორისო დონეზე გატანას. ამისთვის გვჭირდება ძლიერი კადრები, თქვენნაირი ადამიანები რომლებიც ცდილობენ ისწავლონ მეტი, გააკეთონ მეტი ქვეყნისა და საკუთარი კეთილდღეობისთვის. ჩვენ დაგეხმარებით, რომ გადადგათ სტრატეგიული ნაბიჯები, გქონდეთ პირობები, რომლებიც დაგეხმარებათ ერთად შევქმნათ გარემო ჯანსაღი ბიზნესის განვითარებისთვის! ერთიანი ციფრული ბაზრის არსებობა უზრუნველყოფს ციფრული საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, გაზრდის ეკონომიკურ აქტივობებს და საფუძველს დაუდებს ახალი სტარტაპებისა და ლაბორატორიების შექმნას ხოლო სასტარტო კაპიტალზე წვდომის რეფორმის დახმარებით კი დამწყები ბიზნესი შეძლებს განვითარდეს, მეტი რესურსი ქონდეს ინოვაციისთვის და გაიტანოს საკუთარი შრომის პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე. დიდი იმედი მაქვს თქვენი ჩართულობის და მადლობას გიხდით დღეს ტექნოპარკში მობრძანებისთვის, ერთად მუშაობით, აქტიური დისკუსიით და მაქსიმალური ჩართულობით, აუცილებლად მოვახერხებთ, საუკეთესო შედეგის მიღწევას“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები