„იმედი“: Freedom House-ის ანგარიშში მცდარი ინფორმაციაა

„იმედის“ ჰოლდინგი Freedom House-ის ბოლო ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში, მედიის თავისუფლების სფეროში, ტენდენციის გაუარესების შესახებ წერს. ანგარიშში „იმედთან“ დაკავშირებით ვკითხულობთ:
„2012 წლამდე, ანუ ხელისუფლების შეცვლამდე, ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „იმედი“ მმართველი გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი, მათ სარედაქციო პოლიტიკა მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეცვალეს“ – ციტატის დასასრული.
როგორც „იმედის“ ჰოლდინგის მიერ განცხადებაშია ნათქვამი, 2007 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ბოლომდე „იმედს“ არა თუ აკონტროლებდა მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და ის არ იყო კრიტიკული ამ პარტიის მიმართ, არამედ ტელეკომპანია უშუალოდ ამ პარტიის საკუთრებაში იყო, რომლის ხელში ჩაგდებასაც წინ უძღვოდა არხზე შეირაღებული თავდასხმა და ფიზიკური ტერორი ჩვენი ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიმართ.
ტელეკომპანია სინანულს გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ „იმედის“, როგორც ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის და “მაესტროს” მუშაობა არასათანადოდაა შეფასებული.
“ვფიქრობთ, მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციის მხრიდან, ასეთი მცდარი ინფორმაციის გავრცელება, სულ ცოტა, ძალიან უხერხულია. Freedom House-ს შევახსენებთ, რომ 2007 წლის ნოემბრიდან, 2012 წლის ბოლომდე, „იმედს“ არა თუ აკონტროლებდა მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და ის არ იყო კრიტიკული ამ პარტიის მიმართ, არამედ ტელეკომპანია უშუალოდ ამ პარტიის საკუთრებაში იყო, რომლის ხელში ჩაგდებასაც წინ უძღვოდა არხზე შეირაღებული თავდასხმა და ფიზიკური ტერორი ჩვენი ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიმართ.
სინანულს გამოვხატავთ იმ ფაქტის გამო, რომ ტელეკომპანია „იმედის“, როგორც ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის და „მაესტროს“ მუშაობა, რომელიც 24-საათიან საინფორმაციო არხად ჩამოვაყალიბეთ, არათუ არასათანადოდაა შეფასებული, არამედ მეტიც, ანგარიშში ნათქვამია, თითქოს ჩვენ არ ვართ კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, დიახ, ჩვენ არ ვართ პარტიულ/ოპოზიციური ტელევიზია, ჩვენ ვაშუქებთ მოვლენებს მხოლოდ ფაქტების შესაბამისად და ვუთმობთ ტრიბუნას ყველას, ვინც ამ მოვლენებში მონაწილეობს. სწორედ ამ გზით გავზარდეთ დღითიდღე მაყურებელთა ნდობა ჩვენ მიმართ, რაც არხის ჟურნალისტების და პროდუსერების ძალისხმევის შედეგია და სწორედ ამიტომ არის დღეს „იმედი“ და მისი პროდუქცია ყველაზე რეიტინგული ქართულ მედია ბაზარზე.
ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც Freedom House-ია, გამონახავს უფრო მაღალი კომპეტენციის თანამშრომლებს, რომლებიც მას კვალიფიციური ანგარიშის შედგენაში დაეხმარებიან და ეს ანგარიში სწორ და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ასახავს საქართველოში მედია თავისუფლების ხარისხსა და ტენდენციებს, რითაც Freedom House-ი დარჩება მედიის თავისუფლების სადარაჯოზე, რაც საქართველოს სამწუხარო გამოცდილების გათვალისწინებით, ესოდენ მნიშვნელოვანია გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისათვის”, – ნათქვამია „იმედის“ ჰოლდინგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები