„მარგველაშვილს ვერ დავაცდენინეთ რას აპირებს, პრეზიდენტობა უნდა თუ არჩევნების მერე დუშეთში, ჰამაკში კოტრიალი”

პარლამენტის ყოფილმა წევრმა, „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. ახვლედიანი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ამჯერად მაინც შეძლებს ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჯერებას.

„საკამოდ რთულია და ეს არ არის მარტივი პროცესი, თუმცა, წელს შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტია გაკეთებული ამისათვის რომ ასეთ შეთანხმება მოხდეს. წელს ამაზე გაცილებით მეტი ზრუნვა მიმდინარეობს, გაცილებით მეტია მუშაობა და კონსულტაციები. თუმცა, ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა მაინც შეუძლებელია, მე იმედი მაქვს, რომ ამ თვის ბოლოს, მაისის დასაწყისში ეს თემა გადაწყება. თუ მოხდება ერთიან კანდიდატზე შეჯერება დაიწყება პროცესი და თუ არ მოხდება შეჯერება პარტიები თავის საქმეს მიხედავენ, მაგრამ ეს მაისს აღარ უნდა გადასცდეს, იმიტომ რომ საარჩევნო კამპანია ჩასატარებელია ერთად, თუ ცალ-ცალკე“,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მის პარტიას ამ ეტაპზე ჰყავს საპრეზიდენტო კანდიდატი და ეს ნინო ბურჯანაძეა.
„დღეს არის ეტაპი, როდესაც კონკრეტული კონსულტაციები და მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს კონკრეტულ პერსონალიებთან დაკავშირებით. „დემოკრატიულ მოძრაობას“ ჰყავს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებაში ყველაზე რეალისტური საპრეზიდენტო კანიდატი. ყველანაირი პოლიტიკური კონტექსტით აღჭურვილი კანდიდატი. აქვს ყველა ის კომპონენტი, რომელიც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. ჩვენ ვთვლით, რომ ნინო ბურჯანაძეზე უკეთესი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არის და ამიტომაც „დემოკრატიული მოძრაობა“ ამ კონსლუტაციებში ჩვენ კოლეგებს ვთავაზობთ ნინო ბურჯანაძის კანდიდატურას“,- აღნიშნა ახვლედიანმა.
ყოფილმა დეპუტატმა საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტზე გიორგი მარგველაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პოზიციის შესახებ, აპირებს თუ არა მეორე ვადით კენჭისყრას, ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი.
„გიორგი მარგველაშვილთან დაკავშრებით ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა შეუძლებელია, იმიტომ რომ მას ვერ დავაცდენინეთ სიტყვა იმასთან დაკავშირებით თუ რას აპირებს, პრეზიდენტობა უნდა, არჩევნების მერე დუშეთში, ჰამაკში კოტრიალი უნდაა, ვერ გავიგეთ ჯერ-ჯერობით… რაღაცას მიკიბ-მოკიბულად, ორაზროვან ფრაზებს ამბობს, მაგრამ მილიონჯერ დაისვა კითხვა, განივხილოთ თუ არა მარგველაშვილის კანდიდატურა, მაგრამ თავად მარგველაშვილმა უნდა თქვას რომ აი მე მზად ვარ ამ თემისთვის, რომ განიხილოთ მაინც. ადამიანი პრეზეიდენტია და თუ იტყვის რომ აპირებს კენჭისყრას და იტყვის რომ უნდა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს, ეს თემა მინიმუმ განხილვის საგანი გახდება, ამ ეტაპზე კი ამის განხილვა შეუძლებელია, იმიტომ ის არაფერს ამბობს“,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში და დასძინა, რომ მოლაპარაკების პროცესში სხვა კანდიდატების განხილვის საკითხიც დადგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები