კახა კალაძე NDI-ის კვლევებს ტენდენციურს უწოდებს
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს გამოეხმაურა. მისი განაცხადებით, კვლევები ტენდენციურია და მის შედეგებს არ ეთანხმება.
„ბოლო წლების განმავლობაში, ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები არაერთხელ გამხდარა სპეკულირების საგანი და ამან სერიოზული დარტყმა მიაყენა ამ ორგანიზაციას. ეს მისი ხელმძღვანელის ლუის ნავაროს დიდი დამსახურებაა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი კვლევები იდებოდა წინასაარჩევნოდ. ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, „ქართული ოცნების“ 12%-იანი კვლევები იმ დროს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში 65% აიღო. მე დადებით შეფასებას ვერ მივცემ NDI-ის კვლევებს, რადგან მისი მოღვაწეობა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში, ცალსახად ჩანს, რომ ტენდენციურია და ისიც საინტერესოა, რომ ნავაროს ახლა გაახსენდა მოსმენები საქართველოში, როცა 9 წელი ამ მიმართულებით ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია“, – განაცხადა კალაძემ.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.