მინდელის შახტაში დაღუპულთა ოჯახები კომპანია “საქნახშირისგან”, კომპენსაციის სახით, დაახლოებით 50 ათას ლარს მიიღებენ

ტყიბულში, მინდელის შახტაში დაღუპულთა ოჯახები, კომპანია “საქნახშირისგან” კომპენსაციის სახით, დაახლოებით 50 ათას ლარს მიიღებენ, – ამის შესახებ “საქნახშირის” დირექტორის მოადგილემ, დავით ქარქაშაძემ განაცხადა.
„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს. დღეს ვხვდებით ჭირისუფლებს. კომპანიას ჩვენი დაზარალებულები არასოდეს მიუტოვებია. სამი სახის კომპენსაციას იძლევა ჩვენი კომპანია. დასაფლავების, საფლავის მოწყობის, ოჯახის წევრების დასაქმების კომპენსაციები, შემდგომი რეაბილიტაციის კომპენსაციები. შემდეგ კი დაზღვევაშიც ეხმარება კომპანია დაზარალებულებს. თითოეულ მათგანზე კომპენსაცია, დაახლოებით 30 ათასი ლარი გამოდის. კომპენსაციის ეს ფორმა ყველასთვის განურჩევლად იქნება. შემდეგ დაზღვევაზეც იქნება საუბარი, საერთო ჯამში თითოეულ მათგანს გამოუვა 50 ათას ლარამდე”, – განაცხადა “საქნახშირის” დირექტორის მოადგილემ.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.
შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, საქართველოში დღეს გლოვის დღეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები