ჯგუფური გამოფენა “თბილისი დროში” გრძელდება

ჯგუფური გამოფენა “თბილისი დროში”, სამი განსხვავებული ხედვისა და თაობის მქონე შემოქმედს, არჩილ თაბაგარს, მარიამ ყანდიაშვილს და ივა მარტიაშვილს აერთიანებს. ექსპოზიცია თითოეული ხელოვანის ინდივიდუალურ ძიებებს ასახავს, რომელთა შემოქმედებითი სივრცე და ყოველდღიურობა ერთ გეოგრაფიულ და სოციო-კულტურულ გარემოსთან – თბილისთანაა დაკავშირებული. ორგანიზატორების ინფორმაციით, სამივე ხელოვანი დროში განგრძობითად საკუთარ სახელოვნებო გამოცდილებებს წარმოაჩენს. გამოფენა ასევე, სხვადასხვა თაობის ხელოვანებს შორის დიალოგს წარმოადგენს, სადაც პერსონალური შემოქმედებითი იმპულსები განსხვავებულ მედიებშია გავრცობილი. „თბილისი დროში“ გამოფენის კონცეფცია თითოეული ხელოვანის სუბიექტურ ხედვებთან ერთად, ჯგუფური ექსპოზიციით ზოგადად თანამედროვე ხელოვნების მრავალშრიან ხასიათს წარმოადგენს. გამოფენა Steinway & Sons Georgia-ს სრული მხარდაჭერით ჩატარდა.
ამით Steinway and Sons Georgia–ს კოლაბორაცია ქართველ არტისტებთან არ დასრულებულა, 4 აპრილს სააღდგომო გამოფენა–გაყიდვა გაიხსნა, რომელიც მაყურებელს სააღდგომო თემატიკაზე შექმნილ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს და ხელნაკეთ სახლის აქსესუარებს სთავაზობს. გამოფენა Steinway and Sons Georgia–ს შოურუმში ო. დგებუაძის #1. 15 აპრილამდე 13:00 საათიდან –20:00 საათამდე გაგრძელდება.
სააღდგომო გამოფენაში კი, შემდეგი არტისტები მონაწილეობენ: თამუნა მელიქიშვილი, თეა ნილი, ლევან ჭიჭინაძე, ივა მარტაშვილი, თეონა პაიჭაძე, არჩილ თაბაგარი, მარიამ ყანდიაშვილი, გოგი ალექსი-მესხიშვილი (კერძო კოლექციიდან), ნიკო ცეცხლაძე (კერძო კოლექციიდან), უშანგი იმერლიშვილი (კერძო კოლექციიდან), მაია სუმბაძე (კერძო კოლექციიდან).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები