„ქართული ოცნება“ ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, გარდაცვლილთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
„დღეს, გამთენიისას, საშინელი ტრაგედია დატრიალდა ტყიბულში, მინდელის შახტის მე-10 გვირაბში. „სამთო დარტყმის“ ტალღამ შეიწირა ჩვენი 6 მოქალაქე, 3 ადამიანი კი სხვადასხვა დაზიანებით მკურნალობს. გვსურს, თანადგომა გამოვუცხადოთ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, დაზარალებულებს კი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ. მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედია პირველი არ არის, წინა წლებშიც არაერთხელ მომხდარა მსგავსი უბედური შემთხვევა. აღნიშნული ტრაგედია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით, საქართველოში არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა და რეფორმირებას საჭიროებს“, – აცხადებენ ფრაქციის წევრები.