„ოცნება“ კვირიკაშვილი, „ნაცები“ ვაშაძე, „ევრონაცები“ ბაქრაძე – როგორი იქნება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენი

„სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი იქნება, „ევროპული საქართველო“ – დავით ბაქრაძე, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას დააყენებს“,- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძის თქმით, პრეზიდენტის პოსტისთვის ბევრი პოლიტიკოსი იბრძოლებს. ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ფლანგზე ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანება ძალიან გაჭირდება.
„ჯერ არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, თუმცა თუ ჩვენ გავითვალისწინებთ 2016 წლის არჩევნების შედეგებს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ 48% აიღო, აგრეთვე 2017 წლის არჩევნებს, რა თქმა უნდა, მეორე ტური იქნება მოსალოდნელი, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, თუ ეს იქნება გიორგი კვირიკაშვილი, სულ სხვა სურათი გვექნება, თუ იქნა სხვა კანდიდატი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია სულ სხვა სურათს მივიღებთ. ეს პირველ რიგში არის დამოკიდებული სახელისუფლებო კანდიდატზე თუ ვინ იქნება, რამდენად პოპულარული, რამდენად რეიტინგული იქნება, რამდენად შეძლებს სწორი საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და რამდენად შეძლებს პირველივე ტურში გამარჯვებას, ისევე როგორც ეს დამოკიდებული იქნება ოპოზიციის კანდიდატისთვის.
გრიგოლ ვაშაძე იყო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და მას აქვს ძალიან კარგი კონტაქტები ქვეყნის გარეთ. პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია რაც მას რჩება, ეს არის სწორედ საგარეო ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკის ხაზით, ეს იქნება ძალიან კომფორტული „ნაციონალური მოძრაობისთვის“,- აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.
თუმცა, ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, – თუ ვინ იქნება ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატები, დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის წარადგენს მმართველი პარტია თავის საპრეზიდენტო კანდიდატად.
„ყველაზე ლოგიკური იქნება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დასახელება ამ პოსტზე, „ქართული ოცნება“ ემზადება ყრილობისთვის და მე ვფიქრობ, სავარაუდოდ, ყრილობაზე მოხდება მისი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა-დასახელება, იმიტომ, რომ ის არის ამ პარტიის ლიდერი, თავმჯდომარე. თან ეს საპრეზიდენტო ვადა 6-წლიანია, 2024 წლამდე ერთჯერადად გაუგრძელდა პრეზიდენტს კონსტიტუციის ვადა და ბუნებრივია, „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნების მოგება. ეს არის, ფაქტობრივად, ისტორიული არჩევნები, ბოლო საპრეზიდენტო არჩვენები, როცა პირდაპირი კენჭისყრით აირჩევს მოსახლოება საქართველოს პრეზიდენტს და ვფიქრობ, ამომრჩევლისთვისაც ეს დამატებითი მოტივაცია იქნება“,- განაცხადა ლადო ბოჟაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას და აღნიშნა, რომ საქართველოს საკმაოდ კონკურენტუნარიანი საპრეზიდენტო არჩევნები ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები