ბათუმის საზღვაო ნავსადგური დასაქმებულთა პროტესტის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბათუმის საზღვაო ნავსადგური დასაქმებულთა პროტესტის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„2018 წლის 2 აპრილის დილით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციული შენობის გამშვებ პუნქტთან შეიკრიბა ნავსადგურში დასაქმებულთა 50-კაციანი ჯგუფი, რომლებმაც გამოხატეს პროტესტი იმ ზომებთან დაკავშირებით, რაც საწარმომ ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობის სტაბილიზაციისთვის მიიღო.
ნავსადგურის ადმინისტრაციამ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებს, მედიაციის პროცედურის ფარგლებში, იმავე დღეს შესთავაზა მოლაპარაკებების დაწყება და ნავსადგურის პროფკავშირთან ერთად წამოჭრილი საკითხების განხილვა.
პროტესტში მონაწილე პირთაგან რვა დასაქმებულმა 2 აპრილსვე გამოაცხადა შიმშილობა. ნავსადგურის ადმინისტრაციამ მოშიმშილეები უზრუნველყო წლითა და მედიკამენტებით, აგრეთვე უზრუნველყო მათთან სამედიცინო ბრიგადის მუდმივი მორიგეობა. ყოველ 30 წუთში სამედიცინო მუშაკი ახორციელებს მოშიმშილეთა შემოვლას.
აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ, 29 მარტს, ნავსადგურის ადმინისტრაციაში შემოვიდა პროფკავშირის დასაქმებულთა მიმართვა, სადაც დასმულია მოთხოვნები შემდეგი საკითხების დაუყოვნებლივ გადაწყვეტასთან დაკავშირებით:
1) მხარეთა შეთანხმებით გათავისუფლებული დასაქმებულების სამუშაო ადგილებზე აღდგენა.
2) დღესასწაულთან დაკავშირებით ფინანსური დახმარების გაცემა;
3) სადაზღვეო პაკეტის გადახედვა;
4) ნავსადგურში ჩასატარებელი ოპტიმიზაციის პროცესების შეჩერება, მათ შორის საქმიანობის ცალკეული არაპროფილური სახეოებების აუტსორსინგში შემდგომი გადაცემა;
5) ნავსადგურის დასაქმებულთათვის შრომის ანაზღაურების გაზრდა.
დასმულ საკითხებთან დაკავშირებით ნავსადგურის ადმინისტრაციამ საწარმოს პროფკავშირს ამომწურავი პასუხი გასცა.
ამასთან, ნავსადგურის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მისი ამოცანაა საწარმოში იყოს მშვიდი სამუშაო და კრიზისული ვითარების გადალახვაზე ორიენტირებული საქმიანი გარემო. შესაბამისად, ადმინისტრაცია კოლექტივის წევრებთან და პროფკავშირთან მიდის ყველა შესაძლო დათმობასა თუ ანგარიშგაწევაზე, მიუხედავად არასახარბიელო ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობისა. კერძოდ, შეჩერებულია თანამშრომლეთა გათავისუფლების პროცესი; აგრეთვე, შეჩერებულია საწარმოს საქმიანობის ცალკეული არაპროფილური სახეობების „აუტსორსინგში“ გადაცემის პროცესი; დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
ნავსადგურის ადმიისტრაცია აცხადებს, რომ ეს ზომები არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც საწარმოს დამატებით შეუძლია დასაქმებულებთან მიმართებით. ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ტიპის საპროტესტო აქციების პრაქტიკული საჭიროება არც არსებობდა, რამდენადაც საწარმო ისედაც და თავადაც ორიენტირებულია დასაქმებულთა მაქსიმალურ ხელშეწყობაზე. ამდენად, ჩნდება ეჭვი, რომ აქციები შესაძლოა მართული იყოს და დასაქმებულთა ინტერესების დაცვის მოტივი რამდენიმე დაინტერესებული პირის მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული.
საწარმოში არსებული რეალური ვითარება კი შემდეგია: 2017 წლის ბოლოდან, ნავსადგურის ადმინისტრაცია იღებს შესაბამის ზომებს, რაც მიმართულია საწარმოს რთული ფინანსურ-ეკონომიკური ვითარების სტაბილიზაციისაკენ.
2017 წლის შედეგების მიხედვით, ნავთობჩამოსასხმელი ტვირთების გადატვირთვის მოცულობა ნავსადგურში 2016 წელთან შედარებით შემცირდა 36%-ით (3,6 მლნ.-დან 2,3 მლნ-დე. ტ/წელიწადში). ნავთობ ჩამოსასხმელი ტვირთების გადატვირთვის მოცულობის პროგნოზი 2018 წლისთვის შეადგენს 1,1 მლნ. ტონას. შემცირების ძირითადი მიზეზი გახდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ბაზრის სტრუქტურის შეცვლა. ამასთან, გასულ წელს ნავსადგურის წმინდა მოგებამ შეადგინა 0,9 მლნ. აშშ დოლარი, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 86 %-ით ნაკლებია.
ნავსადგურის მიმდინარე ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლიდან მიღებულ იქნა ნედლეულისა და მასალების ხარჯების 44%-ით, უცხოელი სპეციალისტების კი 63%-ით შემცირების ზომები. ასევე, საპენსიო ასაკს მიღწეულ ცალკეულ თანამშრომლებთან, მოლაპარაკების შედეგად, მხარეების შეთანხმებით, შეწყდა შრომითი ურთიერთობა, სამი თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდისა და 2018 წლის ბოლომდე სამედიცინო დაზღვევის შენარჩუნების პირობით.
ნავსადგურის ადმინისტრაცია კოლექტივთან და პროფკავშირთან სისტემატურად ატარებს შეხვედრებს ნავსადგურში მიმდინარე ღონისძიებების და ხარჯების ოპტიმიზაციის სამომავლო გეგმების შესახებ.
ნავსადგურის მმართველი კომპანია „ბათუმის ნავთობტერმინალი“ და ნავსადგურის ადმინისტრაცია იღებს ყველა ზომას, რათა მოლაპარაკების გზით მოაგვარონ შექმნილი ვითარება. ასევე, დასმული საკითხებიდან ჯერ კიდევ გადაუჭრელი თემების განსახილველად აქციაში მონაწილეებს სთავაზობს ერთობლივი ჯგუფის შექმნას მედიაციის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინსტრუმენტების ფარგლებში“,- ნათქვამია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები